LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: „არც სამუდამოდ საცხოვრებლად წავსულვარ და არც მუდმივად დამიტოვებია ჩემი ქვეყანა!.. ნოემბერში ვბრუნდები…“

3305
ნოდიკო-ტატიშვილი

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სადაც კონცერტი გამართა. ქართველი ემიგრანტებისთვის ნოდიკოს საღამო ფილადელფიაში დიდი წარმატებით ჩატარდა. 8 ოქტომბრის კონცერტისა და მიღებული ემოციების შესახებ ნოდიკო ამერიკიდან გვესაუბრა:

„ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონცერტი იყო, რაც ემიგრანტებთან გამიმართავს – დიდი პროგრამით და ემოციებით სავსე. რაც ყველაზე მთავარია, დავინახე ემიგრანტების ბედნიერი და ლაღი სახეები და ამან მე თვითონაც გამაბედნიერა. ნანიკო კორახაშვილი იყო ამ კონცერტის ორგანიზატორი. ის ბევრი წელია, ფილადელფიაში ცხოვრობს, ჩვენ ვმეგობრობთ, პასუხისმგებლობის მქონე გოგოა და მადლობა, რომ ამ კონცერტს ორგანიზება გაუკეთა.

ეს კონცერტი მცირე ზომის დარბაზში ჩატარდა, მაგრამ იყო ძალიან ბევრი ხალხი. აქ მიღებული ემოციები დიდხანს გამყვება და როგორც ჩვენი ემიგრანტები ამბობენ, მათაც დიდხანს ემახსოვრებათ ეს კონცერტი. გადავიღეთ ბევრი ფოტო.

შემდეგი კონცერტი 11 ნოემბერს, ნიუ იორკში გაიმართება. იქაც საკმაოდ კარგი აქტივობაა ბილეთებთან დაკავშირებით. ველოდები, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება.

ნოდიკო, დიდი გამოხმაურება გამოიწვია შენმა ინტერვიუმ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო დატოვე…

რაც შეეხება ამბავს, რომ ნოდიკომ დატოვა საქართველო და სამუდამოდ წავიდა საცხოვრებლად – ამ ეტაპზე ვარ ამერიკაში. არც სამუდამოდ საცხოვრებლად წავსულვარ და არც მუდმივად დამიტოვებია ჩემი ქვეყანა. უბრალოდ, მე მაქვს აშშ-ში მუდმივი ცხოვრებისა და მუშაობის უფლება.  მაქვს ამერიკისგან ექსტრაორდინარული ტალანტის არტისტის სტატუსი, რის საფუძველზეც მაქვს მუშაობისა და ცხოვრების უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ შემიძლია ვიცხოვრო ჩემს სამშობლოშიც და ამერიკაშიც და ვასახელო ჩემი ქვეყანა. ამიტომაც ის პანიკა, რაც „ფეისბუქზე“ ატყდა, რომ ნოდიკომ დატოვა საქართველო და ამასთან დაკავშირებით მწერენ ნაცნობები თუ უცნობები, უსაფუძვლოა. მხოლოდ სათაურით არ შეიძლება იმის განსაზღვრა, რას ამბობს ადამიანი. მინდა ვთხოვო ჩემს გულშემატკივრებს, რომ არ შეიქმნან შთაბეჭდილება მხოლოდ სათაურით. ნოემბერში ვბრუნდები საქართველოში და ვაგრძელებ ცხოვრებას ჩემს სამშობლოში. პერიოდულად ანუ ეტაპობრივად, ხან საქართველოში მომიწევს ყოფნა და ხანაც ამერიკაში, როგორც ჩემი პროფესიული საქმიანობა მოითხოვს“.

ცნობისათვის, ნოდიკო ტატიაშვილის კონცერტს, 8 ოქტომბერს ვერსალის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. მოგვიანებით ვერსალის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ ნოდიკოს გამოსვლა ასე შეაფასა:

„სუპერ ტალანტით დაჯილდოებულმა ნოდიკო ტატიშვილმა ვერსალის კულტურის ცენტრში საოცარი წარმოდგენით გააოგნა სცენა და მაყურებელი.
მისი მშვენიერი ოქროს სადარი ხმა ყველას გულს მისწვდა, ისე, როგორც ეს აქამდე ვერავინ შეძლო.

დამსწრე საზოგადოება დაიღვარა ემოციებად და მის ყველა სიმღერას მომღერალთან ერთად ასრულებდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები