საპრომოუტერო კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსმა“, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა დროს მსოფლიო ვარსკვლავებისთვის უმასპინძლია და ანგარიშზე არაერთი ბრწყინვალე კონცერტი აქვს ჩაწერილი, კორონაპანდემიის მიუხედავად, როცა ამ სფეროს ძალიან მძიმე პერიოდი უდგას, 2020 წელს ყველა დაგეგმილი ღონისძიება გამართა. ჯამში ბათუმის ჯაზფესტივალზე, წინანდალში Jazz &Wine-ის მუსიკალურ ფესტივალზე და თბილისის ჯაზფესტივალზე 60-მდე ქართველ და უცხოელ მუსიკოსს მისცა მსმენელთან შეხვედრის ბედნიერი შესაძლებლობა, რასაც ხელოვანებიც და მაყურებლებიც, გასაგები მიზეზების გამო მოკლებულნი არიან.
13-14 ნოემბერს, „რესპუბლიკაში“ თბილისის რიგით 23-ე ჯაზფესტივალზე, პირბადეებმა და სხვა რეგულაციებმა, რაც კოვიდინფექციის გამო არის დაწესებული საჯარო შეკრებისას, ჯაზური მუსიკის ნამდვილ მოყვარულებს ვერანაირი ბარიერი ვერ შეუქმნა საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობის მოსასმენად.
*LUCY WOODWARD;
*AYANNA WITTER-JOHNSON;
*MINO CINELU.
ასე გამოიყურებოდა პირველი და მეორე დღის პროგრამა თბილისის ტრადიციულ ჯაზფესტივალზე, სადაც ბრწყინვალე ჰანგები ყველა სივრცეში ჰაერში ტრიალებს და არც ეს დღეები ყოფილა გამონაკლისი. გარდა ამისა, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ გამოფენა სახელწოდებით „ქალები ჯაზში“, რომელიც ფოტოხელოვანმა გია გოგატიშვილმა შექმნა.
13 ნოემბრის არტისტი „ისთერნ ფრომოუშენსს“ ფესტივალის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გაუუქმდა, მიზეზი კი ობიექტური გახლდათ, რომელიც კორონავირუსს უკავშირდებოდა. დიდი იმედი გვაქვს, დრამერ ანტონიო სანჩესის პერფორმანსს, რომელიც ცნობილი ფილმის „ბერდმენის“ მუსიკალურ გაფორმებასა და კონცეფციას უკავშირდება, სხვა დროს აუცილებლად მოვისმენთ, თუმცა ქართველ მსმენელს წილად ხვდა ბედნიერება, ლიუსი ვუდვარდს შეხვედროდა. ბიგ ბენდის სოლისტი ისეთი დიდი არტისტების ბექვოკალისტი გახლდათ, როგორებიც არიან როდ სტიუარტი, სელინ დიონი, ბარბრა სტრეიზანდი, ჯო კოკერი და ჩაკა კჰანი.
მომღერალმა შესანიშნავი საღამო აჩუქა მსმენელს, მეორე დღეს კი სცენა AYANNA WITTER-JOHNSON და Mino-მ Cinelu-მ დაიკავეს.
ჯერ კიდევ საუნდჩექიდან ჩანდა კარგად, თუ რა მუსიკალური შთაბეჭდილებების მიღება მოუწევდა დამსწრე საზოგადოებას ლონდონელი ჩელისტისა და მომღერლის, აიანა ვიტერ-ჯონსონის პერფორმანსზე…
შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი 100%-ით გამართლდა. აიანამ საკუთარი ემოციებიც გაუზიარა სოცქსელის გამომწერებს, აღნიშნა რა, რომ: „იმ მომენტიდან, რაც თბილისში ჩამოვედი, დღევანდელ დღემდე, მეპყრობოდნენ, როგორც დედოფალს, ჩემი გული სავსეა ბრწყინვალე ქართველი ხალხის დაფასებითა და სიყვარულით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო თბილისის ჯაზფესტივალის შესანიშნავი გუნდი, რომელმაც პანდემიის მიუხედავად, მთები გადადგა, რომ ისტორიული ფესტივალი კალენდარზე შეენარჩუნებინა. კონცერტის ჩატარება ამ სიშორეს ასეთ დროს არის ნამდვილი საოცრება და ძალიან მადლიერი ვარ ამის გამო.
ვიცინოდი მანამ, სანამ ტირილი არ დავიწყე, როცა მივირთვი ყველაზე გემრიელი კერძები, ვუმღერე „ბოის თუ მენის“ სიმღერა მღვდელს, ვიხილე თვალწარმტაცი არქიტექტურა და შევიძინე მეგობრები შესანიშნავ ადამიანებს შორის.
გასულ ღამეს ლიუსიმ გახსნა ფესტივალი და თავისი ბრწყინვალე ბენდის წევრებთან ერთად არაჩვეულებრივი კონცერტი შემოგვთავაზა, დღეს კი ჩემი და მინოს დროა. ამ ძვირფას მოგონებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში შევინარჩუნებ. დიდი სიყვარული თბილისს“.
აიანა ვიტერ-ჯონსონის შემდეგ მსმენელის წინაშე წარდგა მინო სინელუ. მაღალი კლასის მუსიკოსი, რომელსაც წლების თანამშრომლობა აკავშირებდა დიდ მაილს დევისთან და მისი რამდენიმე ალბომის ჩაწერაში აქვს მონაწილეობა მიღებული, თავიდანვე ცხადი იყო, რომ საოცარ კონცერტს შესთავაზებდა მსმენელს, თუმცა დამსწრეებისთვის დიდი სიურპრიზი იყო სცენაზე აიანა-ვიტერ ჯონსის, პიანისტ ბექა გოჩიაშვილისა და პერკუსიონისტ დავით ჯაფარიძის მინოსთან ერთად გამოჩენა. ამ თანამშრომლობამ დაუვიწყარი ელფერი შესძინა ჯაზფესტივალის ბოლო დღეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი მუსიკოსები ერთ ენაზე ლაპარაკობენ.
„ისთერნ ფრომოუშენსმა“ ასე შეაჯამა განვლილი დღეები: „ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე ვიარეთ. ფესტივალამდე ერთი დღით ადრე არტისტის შეცვლამ მოგვიწია, რაც დიდი ღელვას და ფინანსურ დანაკარგს უკავშირდებოდა. ბილეთებიც შეზღუდული გვქონდა, პანდემიიდან გამომდინარე. ამ ფესტივალებზე მუშაობდნენ ადამიანები, რომლებმაც, პანდემიის მიუხედავად, ამ სფეროში ჰონორარების მიღება შეძლეს. ამ გაჭირვებულ ჟამს ბედნიერების საათები ვაჩუქეთ ადამიანებს. „ისთერნ ფრომოუშენისთვის“ ეს იყო, პირველ რიგში, ვალდებულებების შესრულება სპონსორებთან, ჩვენი ფესტივალის კალენდარზე დარჩენა, რადგან ევროპაში თითზე ჩამოსათვლელია ასეთი ფესტივალები, სადაც ცოცხალი შესრულება მიმდინარეობს და არ არის ონლაინ და ჩვენ მათ შორის ვართ და ასევე ამ ფესტივალების გამართვით ინდუსტრიასაც დავუდექით გვერდზე. ცოცხალი მუსიკა რომ გავიგეთ, ცრემლები წამოგვივიდა. დავაფასეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგი მუსიკოსების ცოცხლად შესრულებას.
მთელი მსოფლიო მოლოდინშია, რა იქნება გაისად. გაზაფხული მაინც ჩავარდნილი იქნება. დაიანა რივსისა და დეივ ჰოლანდის კონტრაქტები აპრილშია გადატანილი, თბილისის 24-ე ჯაზფესტივალი უნდა გაიმართოს აპრილში, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა იქნება… ლენი კრავიცი 2022 წლისთვის გვაქვს გადატანილი, იმის მიხედვით, როგორ განვითარდება პანდემიის თემა. 2021 წელს საქართველოში დიდი კონცერტი ა კლასის ვარსკვლავის მონაწილეობით არ გაიმართება, თუმცა ჩვენ ფესტივალების გამართვას მაინც ვგეგმავთ“.
ნინო მურღულია
ფოტო: გია გოგატიშვილი