„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პარტიის თავმჯდომარეს ხელახლა აირჩევდა, იგი ბევრად უფრო აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ისურვებდა, ვიდრე ამჟამინდელი თავმჯდომარე, ნიკა მელიაა.
მამულაშვილმა ამ თემაზე „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად უფრო აქტიური იყოს. დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია სუსტია და მოსახლეობის გაწბილებას იწვევს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია ბევრად უფრო აქტიურები ვიყოთ და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიცია დავაფიქსიროთ. თუ ადგილობრივად ხალხის მობილიზებას ვერ ვახერხებთ, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს და ძალიან ხშირად ვცვლით სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები ვცვალოთ. ვფიქრობ, ჩვენი ბრძოლის სტრატეგია არის სუსტი და მოსახლეობაშიც არსებობს გაწბილება“, – აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.
მისივე აზრით, ბრძოლის სტრატეგიის შეცვლაში შესაძლოა ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა, ევროკავშირში სისტემატური წარმომადგენლის ყოლა ან ახალი სახეები იგულისხმებოდეს.
„იმისათვის, რომ ბრძოლაში მოვიგოთ, სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციაა საჭირო, ჩემი პირადი აზრით, ამაში იგულისხმება მთლიანი ოპოზიციის გამოსვლა პარლამენტიდან, რაც იქნებოდა დემარში და ჟესტი, რომელიც დისკომფორტს მიაყენებდა „ქართულ ოცნებას.“
არ არის საკმარისი წელიწადში ერთხელ ჩავიდეთ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, იქ სისტემატურად უნდა იყოს ჩვენი წარმომადგენელი და ელაპარაკებოდეს იმაზე თუ რა ხდება საქართველოში. ასევე საჭიროა მუშაობა მოსახლეობასთან, რომელსაც მხოლოდ მაშინ ველაპარაკებით, როდესაც არჩევნები მოდის. ვფიქრობ, ახალი სისხლი და აზროვნება არის საჭირო, როდესაც სტაგნაცია მიმდინარეობს, ახალი ხალხი არის ძალიან მნიშვნელოვანი.“– განაცხადა ნონა მამულაშვილმა.