LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ დაემსგავსებიან მას, ვინც საკუთარ მშობლებს დახოცავს და შემდეგ მოსამართლეს შეწყალებას სთხოვს, რადგან ობოლია: პაპუაშვილი NGO-ებს მიმართავს

55
შალვა პაპუაშვილი

არასამთავრობო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი კი მათ მიმართავს და ურჩევს: “ნუ დაემსგავსებიან მას, ვინც საკუთარ მშობლებს დახოცავს და შემდეგ მოსამართლეს შეწყალებას სთხოვს, რადგან ობოლია”.

პაპუაშვილი ამ პროცესთან დაკავშირებულ ოპოზიციის პროტესტსაც ეხმიანება და ამბობს, რომ მათი მხრიდან შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა, 19 აპრილის შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა.

უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს მოქალაქეებისგან აქვს დემოკრატიული მანდატი და ეს არის მათი ვალდებულება, საქართველოს მოქალაქეების სახელით ღირსეული კანდიდატები შეარჩიონ:

“განსაკუთრებით მათ მიერ, ვინც 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერია, პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა 19 აპრილის შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა. ამ პარტიებს ჰქონდათ აღებული ვალდებულება, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში და მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო პროცესებში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და განწესება გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამოცანა, რაც აქვს საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს. ამის არშესრულება არის სწორედ შეთანხმების დარღვევა, ამიტომ თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ მოსამართლეთა შერჩევაში, ეს იქნება მათი მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა.

რაც შეეხება ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათი განცხადებები ვნახეთ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, ერთ რამეს ვეტყვი მათ – ნუ დაემსგავსებიან ისეთ ადამიანს, ვინც საკუთარ მშობლებს დახოცავს და შემდეგ მოსამართლეს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია. ისინი თუ აქ არ დაესწრებიან პროცესს, შემდეგ ნუ იტყვიან, რომ პროცესი არ იყო ინკლუზიური. ამიტომ პროცესი რომ იყოს ინკლუზიური, ამ დღეებში როცა იქნება განხილვები, ისინი უნდა იყვნენ ამის მონაწილენი.

შესაბამისად, ეს არის მათი ინტერესი, ჩვენთვის ამას, სიმართლე გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული მანდატი მოქალაქეებისგან და ეს არის ჩვენი ვალდებულება, მოქალაქეების სახელით შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატები და ჩვენ ამ მანდატს განვახორციელებთ.” – თქვა პაპუაშვილმა.

პოპულალურები