საახალწლო პერიოდის მოახლოებისთანავე ადამიანები აქტიურად ზრუნავენ შესაბამისი განწყობის შექმნაზე. ამას კი, პირველ რიგში, საახალწლო მორთულობა და ნაძვის ხე უზრუნველყოფს. ბევრი ოჯახი ხელოვნური ნაძვის ხის ნაცვლად ბუნებრივს ანიჭებს უპირატესობას. აქტუალური ხდება მათი მოჭრა და მოპოვება.
ბევრმა არ იცის, რომ აღნიშნული ქმედება გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს. ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი უწყებები ამ საკითხის გამოსწორებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. ნაძვის ხეების მასობრივი ჭრის შესაჩერებლად, ერთ-ერთი ეფექტური გზა ჯარიმების დაწესებაა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნაძვის უკანონო მოჭრასა და გაყიდვაზე კონტროლი 2010 წლის 23 დეკემბრიდან გაამკაცრა. სწორედ ამ დროიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება ძალაში შევიდა და ჯარიმის ოდენობაც გაიზარდა.
აღნიშნულ საკითხზე რადიო „ფორტუნა“ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს ვრცლად ესაუბრა. მისი განმარტებით, ფულადი ჯარიმების გარდა, დამნაშავე შესაძლებელია სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცეს.
„ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს აძლიერებს. კონტროლი უშუალოდ იმ ტერიტორიაზე ხორციელდება, სადაც შეიძლება ნაძვის ხეების მოპოვება და მოჭრა მოხდეს. ასევე კონტროლდება რეალიზების პუნქტები და ტრანსპორტირების პროცესი.
გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც. ჯარიმა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის ეს წიწვოვანი ხე-მცენარეები მოპოვებული. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება 200-დან 400 ლარამდე ჯარიმიდება.
უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციას ასევე გარემოსათვის მიყენებული ზიანი ემატება, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმის მიხედვით ანგარიშდება, თუ რა სახეობა ან რა რაოდენობა არის მოპოვებული. თუ წიწვოვანი ხე-მცენარის მოპოვება დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოხდა, სანქცია 400-დან 500 ლარამდე იზრდება. ამ შემთხვევაშიც, საჯარიმო სანქციას გარემოსთვის მიყენებული ზიანი ემატება. ხე-მცენარის სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე, თუ ეს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა მოპოვებული, საჯარიმო სანქცია 200 ლარია.
ყველა შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს კონფისკაცია, რაც ხე-მცენარეების ჩამორთმევას გულისხმობს.
სამწუხარო ფაქტია, ზოგჯერ ხდება, რომ ნაძვსა და წიწვოვანს ნაწილობრივ ჭრიან, ანუ წვერს ან ტოტებს აჭრიან, შემდგომ კი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ყიდიან. ამ ქმედებით მცენარე სერიოზულად ზიანდება: სიმაღლეში ვეღარ იზრდება, უქვეითდება გირჩ მსხმოიარობა და სხვა. ასეთ შემთხვევაში, არსებობს როგორც საჯარიმო სანქცია, ასევე გარემოსათვის მიყენებული ზიანი”, – აღნიშნავს მაია ჩხობაძე.
აკრძალვებისა და მკაცრი სანქციების მიუხედავად, ბუნებრივია, ხის მოპოვების კანონიერი გზებიც არსებობს. მაია ჩხობაძე განმარტავს, რომ ნაძვის ხეების რეალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ის კონკრეტულ ადგილებშია მოპოვებული. ამის დასადასტურებლად კი შესაბამისი დოკუმენტაციაა საჭირო.
„ეს შესაძლებელია, თუ წიწვოვანი მოპოვებულია სანერგეში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ან იმპორტირებულია. ყველა შემთხვევაში, ხე ტყის კანონიერი მოპოვება შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს. ასეთ დოკუმენტსა და ცნობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა გასცემს.
მოვუწოდებთ მოსახლეობას ნაძვის ხეების უკანონო მოპოვებისგან თავი შეიკავონ და კანონიერი გზები გამოიყენონ.
გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს საქართველოს მასშტაბით 8 ტერიტორიული ორგანო ჰყავს. 2019 წელს დეპარტამენტის ეკიპაჟების რაოდენობა გაიზარდა. რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ტერიტორიები მაქსიმალურად გაკონტროლდეს და ხე-მცენარეების უკანონო მოპოვება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
ამის გარდა, ახალი წლის მოახლოებისთანავე დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოებთან, დაცულ ტერიტორიებთან. შესაბამისად ამ პერიოდში ერთობლივად ხდება კონტროლი, არა მარტო მოპოვებაზე, არამედ ტრანპორტირებისა და რეალიზების ადგილებშიც“, – ამბობს მაია ჩხობაძე.
ნუ მოჭრი – მორთე!
ბუნებრივი რესურსების დაზიანების თავიდან ასარიდებლად სხვა გზებიც არსებობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია წინასაახალწლოდ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს: „ნუ მოჭრი – მორთე!“ აღნიშნული კამპანია წინა საახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების ჭრის პრევენციას ისახავს მიზნად.
გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, თამარ ალადაშვილი რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ წლიდან წლამდე კამპანიისადმი ინტერესი მეტად იზრდება. მასში ჩართვა კი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„საინფორმაციო კამპანიის ძირითადი მიზანი წიწვოვანი სახეობების ჭრის პრევენციაა. ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობით მათი ცნობიერების ამაღლება ხდება, თუ რა მნიშვნელობის არის წიწვოვანი ხეები, რატომ არ უნდა მოვჭრათ და რატომ ჯობია ბუნებრივი ხეები ადგილზე მოვრთოთ.
კამპანია „ნუ მოჭრი – მორთე!“ ფართო საზოგადოებისთვისა და კერძო სექტორისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით მნიშვნელოვანი სახეობის წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში წვლილი შეიტანონ. მაგალითისთვის,
თუ ერთი მილიონი ოჯახი ბუნებრივ ნაძვის ხეს მოინდომებს, ეს უკვე ერთ მილიონ მოჭრილ ხეს ნიშნავს, ანუ 700 ჰექტარ გაჩეხილ ტყეს. ეს უდიდესი დანაკლისი და ზიანია ჩვენი ქვეყნისთვის და გარემოსთვის. წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი სჭირდება, მოჭრას კი მხოლოდ რამდენიმე წუთი.
წელს განსაკუთრებული დაინტერესება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა, ორგანიზაციებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გამოხატეს.
კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მასში ჩასართავად საჭიროა, უბრალოდ ნებისმიერი წიწვოვანი სახეობის ხე შევარჩიოთ და საახალწლოდ მოვრთოთ. ამ პროცესის ამსახველი სურათები კი სოციალურ ქსელში ჰეშთეგით გავაზიაროთ: #ნუმოჭრიმორთე. ასევე მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ფოტო-ვიდეო მასალა ჩვენ გამოგვიგზავნონ და მის განთავსებას ჩვენ უზრუნველვყოფთ.
ბუნებრივია, მორთვასთან ერთად აუცილებელია, უკვე საახალწლო პერიოდის დასრულების შემდეგ ნაძვის ხეებს მორთულობა მოვხსნათ და ბუნებრივ გარემოში დავტოვოთ“, – აღნიშნავს თამარ ალადაშვილი.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, საინფორმაციო კამპანიისა და სხვა ღონიძიებების შედეგად, წიწვების უკანონო მოპოვება შემცირებულია. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, წიწვოვანი მცენარეების უკანონო რეალიზაციასა და ტრანსპორტირების ფაქტზე სხვადასხვა შემთხვევები მაინც ფიქსირდება.