LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე: „დავიღალე იმით, რომ პატარა გოგოს მეძახიან!..“

ნუცა ბუზალაძემ ახლახან რუსულ მუსიკალურ შოუში მიიღო მონაწილეობა და როგორც სჩვევია, ჟიურის წევრებიც მოხიბლა. კონკურსებში მონაწილეობა ბავშობიდან მისი ერთ-ერთი საქმიანობაა და შეიძლება ითქვას, რომ დიდ სცენებზე გამოსვლისას თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

ნუცა ახლა 23 წლისაა, მისმა მოზარდობამ საზოგადოების თვალწინ ჩაიარა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბევრი მოსაზრება შეეცვალა და სხვა ადამიანად იქცა. იმის უკან, რაც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, სულ სხვა ადამიანი დგას, რომელსაც ბოლო დროს სულ რამდენიმე ახლო მეგობარი ჰყავს, ყველას აღარ ენდობა, როგორც ბავშვობაში და არც საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარი სურს…

ნუცას ,,ორანჟერიაში” შევხვდით და ინტერვიუსთან ერთად ,,ფორტუნას” ფოტოსესიასც შედგა.

ნუცა ბუზალაძე:

პროექტის შესახებ, რომელშიც ახლა ვმონაწილეობ, ჩემმა რუსეთში მცხოვრებმა ნათესავმა მომიყვა. პირველი სეზონის მიმდინარეობისას დრო არ მქონდა მონაწილეობისთვის, რადგან აქ ალბომზე და კლიპზე ვმუშაობდი, თუმცა ძალიან მინდოდა, რადგან საკონკურსო ცხოვრება მენატრებოდა. უცხო ქვეყანაში პროექტში მონაწილეობა ჩემთვის მუდამ საინტერესოა, მაგრამ პირველ სეზონზე ჩასვლა ვერ მოვასწარი. მას შემდეგ, რაც ალბომი გამოვუშვი და დრო მქონდა, გამგზავრება გადავწყვიტე.

„ბი-ბი-სი“-მ ახლახან გამოუშვა ეს პროექტი, რომელსაც ჰქვია Altogether Now. რუსეთშიც იგივე სახელწოდება აქვს – „НУ-КА ВСЕ ВМЕСТЕ“. რუსული ენა კარგად არ ვიცი. „ახალ ტალღაზე“ მონაწილეობისას საერთოდ ვერ ვსაუბრობდი, ახლა შედარებით უკეთ გამომდის საუბარი. „ახალ ტალღაზე“ ვინც მუშაობდა, ნახევარზე მეტი ამ პროექტზეც არის დაკავებული და გაუკვირდათ, როგორ მოვახერხე ასე სწრაფად ენის ათვისება. მაშინ უფრო მეტად კომპლექსი მქონდა, ახლა რაღაცნაირად ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც საკმაოდ მიჭირს, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ იმღერებ, გამოხვალ და დაამახსოვრებ ხალხს თავს. ამ პროექტში ჟიურის ასი წევრია, ჩემთვის ამიტომაც  იყო ძალიან საინტერესო მონაწილეობა. წარმატებული მაშინაა გამოსვლა, როცა ასივე ჟიურის წევრი ფეხზე დგება. ჩემ შემთხვევაში ძალიან ბევრს მოეწონა და 99 ქულა ავიღე.

ინერვიულე?

კი, თუმცა ყველას ვახსოვდი იურმალადან. მითხრეს, რომ კარგ ფორმაში ვარ. ვფიქრობ, ახლა უფრო მზად ვარ ასეთი პროექტებისა და კონკურსებისთვის. არა მხოლოდ სიმღერას ვგულისხმობ, როცა ვიზუალურადაც ისე გამოიყურები, როგორც საერთაშორისო მომღერალი, ესეც მნიშვნელოვანია. „ახალი ტალღაზეც“ ბევრი ვიმუშავე, კარგად გამოვიყურებოდი, მაგრამ მას შემდეგ გახლდით საკმაოდ ცუდ ფორმაში, მოვიმატე და მივუშვი საკუთარი თავი… საკუთარ თავს გაკვეთილებს უტარებ და შემდეგ მაინც ჩავდექი ფორმაში.

მაინც ძალიან განსხვავდები ვიზუალურად იმისგან, როგორიც ადრე იყავი…

მაყურებელმა საკმაოდ ადრე გამიცნო. 16 წლიდან… რეალურად ასაკის ზრდასთან ერთად საკმაოდ იცვლები, ჩემმა ევოლუციამ კი ყველას თვალწინ გაიარა. ძალიან მიყვარს ვარჯიში, დავიწყე ბოქსით, შემდეგ კი ცეკვა და ფიტნესიც დავამატე. ფიზიკურად ძალიან ვარ დატვირთული. თავიდან კვებითაც ვუწყობდი ხელს, მაგრამ ახლა ნაკლებად. ვიკვებები ჯანსაღად, ხორცით, თევზითა და ბოსტნეულით. ასე უფრო მიმარტივდება ფორმაში ყოფნა.

შენი ჩაცმის სტილიც ხომ არ შეიცვალა?

ყოველთვის მინდოდა, ისეთი ჩაცმის სტილი მქონოდა, როგორიც ახლა მაქვს, თუმცა როცა წონაში გაქვს მომატებული, რაღაცები არ გიხდება. თანაც, როცა მოგზაურობას იწყებ, გემოვნება ძალიან გეცვლება, ნახულობ ბევრ ქვეყანას, სხვადასხვა სტილის ადამიანს, ეცნობი ამა თუ იმ კულტურას. გემოვნება შემეცვალა და სხვანაირი ჩაცმულობა მომწონს. მოგზაურობამ მხოლოდ ჩემს ჩაცმის სტილზე არ იმოქმედა, ბევრი რამ გადავაფასე, ვფიქრობ, ახლა სხვანაირი აზროვნება მაქვს, რაც ძალიან მომწონს. ამ ბოლო დროს უფრო მეტად სისასადავე მომწონს, ყველაფერში, მათ შორის, ჩაცმულობაშიც.

მხოლოდ მოგზაურობამ გადააფასა შენი ღირებულებები?

არა მხოლოდ მოგზაურობამ. ასაკის ზრდასთან ერთად ადამიანებს ეჭვის თვალით შევხედე, დავიწყე მათი ამოცნობა. როც ვუყურებ, რომ  ადამიანები თამაშობენ, აღარ მსიამოვნებს მათთან ურთიერთობები. პატარა რომ ხარ, მიამიტი ხარ  და სხვებს ადვილად ენდობი. აღარ გავდივარ ისეთ ადგილებში, სადაც ვიცი, ასეთი სიტუაცია იქნება. ვისიც მჯეროდა, ყველამ ბოლოს ცუდი რაღაცები გააკეთა, თუმცა ამდენ პროექტში რომ მიმიღია მონაწილეობა, როგორც ჩანს, ამანაც გამომცადა კარგად, რკინის ნერვები მაქვს და ჩემი გატეხა ძალიან რთულია. თუკი გავტყდები, ამას ვერავინ ნახავს. საკუთარ თავში ვეძებ კითხვებს და პასუხებსაც იქვე ვპოულობ. ბევრი რამაა, რაც მაყურებელმა, მსმენელმა არ იცის. არის რაღაცები, რაც ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა და დედაჩემმა იციან.

მათ შორის შენს სიყვარულზეც არ საუბრობ საჯაროდ, რომელიც გეწვია…

მხოლოდ პირადზე არა, ბევრი რამაა, რაზეც საჯაროდ არ ვისაუბრებ. ზოგადად, პირად გრძნობებზე არ მომწონს საჯაროდ საუბარი, არა მხოლოდ სიყვარულზე, არამედ ჩემს ახლობლებთან ურთიერთობაზე. სამი საუკეთესო მეგობარი მყავს, დანარჩენი მეგობრები ნაცნობები გახდნენ (იღიმის). მომწონს, რომ ასეა – უფრო დაცული ხარ იმისგან, რომ არ გეტკინოს, სულელური ინფორმაცია არ მოვიდეს შენამდე, რაც გღლის. ვისწავლე ის, რომ ენერგია არ დავხარჯო იმაზე, რაზეც არ არის საჭირო ენერგიის დახარჯვა, პასუხი არ გავცე ისეთ ჭორებს, რაც აბსურდია, არ ვუპასუხო მათ, ვინც ჩემი ცხოვრების შესახებ არაფერი იცის.

ადრე ჭორები გულს გტკენდა?

17-18 წლის რომ ხარ, არ გაქვს გამოცდილება და სცემ პასუხს ყველაფერს. მახსოვს, პირველად გავემგზავრე დუბაიში, სადაც ბუბა კიკაბიძის პროდიუსერმა დახურულ ივენთზე მიმიწვია. ორი დღით ვიყავი, რომ გვემღერა და ჩამოვსულიყავი. ფოტო რომ დავდე, ისეთი საუბარი მოაყოლეს ამას, – იმან წაიყვანა და ამან წაიყვანაო, რომ მივხვდი, მართლა შენი შრომით რომ აკეთებ ყველაფერს, მაინც ისაუბრებენ. მაინც მოაბამენ კუდებს. ამიტომაც მივხვდი, რომ საერთოდ არაფრის ახსნას აზრი არ აქვს. რაც მეტს ლაპარაკობ ამაზე, მით უფრო მეტი უსამართლობის განცდა გიჩნდება, რატომ ვერ ხედავენ ადამიანები იმას, კარგი გოგო რომ ხარ და ბევრს მუშაობ… უსამართლობა ცხოვრებაში ხშირია. მივხვდი, რომ შენამდე არ უნდა მოუშვა და ყურადღება არ მიაქციო. დაცვის მექანიზმი ჩამომიყალიბდა 23 წლის ასაკში.

კონკურსებს რომ არ შორდები, ესეც შენი რკინის ნერვების დამსახურებაა?

ამდენი უსამართლობის შემდეგ გაჩერება მაინც არ მინდა. ბოლომდე მინდა მივიდე იმ მიზნამდე, რაც დასახული მაქვს. ალბომი ხომ გამოვეცი, კლიპი ხომ გადავიღე? კიდევ ვაპირებ გადაღებას. კონკურსებშიც მივიღებ მონაწილეობას, თუკი ჩავთვლი საჭიროდ, რომ ჩემი კარიერისთვის კარგი იქნება და არა მხოლოდ ჩემთვის, ჩემი ქვეყნისთვისაც, რადგან სადაც უნდა წავიდე, ყველგან იციან, რომ ქართველი ვარ. ისე მოვიქცევი, რომ ჩემი ქვეყნის სახელს კარგად წარმოვაჩენ. მიხარია, რომ მაქვს იმის ნიჭი და საშუალება, რომ საქართველო სხვა ქვეყნებში წარმოვადგინო.

ოცნებები და მიზნები მაქვს, მაგრამ არა დაგეგმილი, მერე არასდროს გამოდის ხოლმე. მთავარია, შენი ჩანაფიქრი განახორციელო და იმედი მაქვს, ნელ-ნელა განვახორციელებ.

კოლეგებისგან შენი აქტიურობის გამო შური გიგრძნია? ალბომი გამოეცი, კლიპი გადაიღე, ყველას არ აქვს ამისი საშუალება, რადგან საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.. ალბათ, კითხულობდნენ, როგორ მოახერხაო…

ვაიმე, კი, როგორ არა?!. კითხულობდნენ, ამ პატარა გოგომ როგორ მოახერხაო (იღიმის). დავიღალე პატარა გოგოს ძახილით. 16 წლიდან დამოუკიდებელი ვარ. როცა დამოუკიდებელი ხარ, პატარა გოგო აღარ ხარ. არც არასდროს ვყოფილვარ. მიგრძნია შურის მომენტი, მაგრამ ჩემი მთავარი პლუსი ისაა, როცა ამას ვგრძნობ, იმავე სახით არ ვპასუხობ, ყოველთვის ყველას ვუცინი. არავის საქმე არ არის… მყავს გვერდში ადამიანები, რომელთაც ყველაფერს ვუყვები, მათ შორის დედაჩემი, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია. თუკი რამეს ისე არ გავაკეთებ, როგორც საჭიროა, დედაჩემი მეტყვის. არ არის აუცილებელი, რომ მთელ შოუბიზნესს ყველაფერი მოვუყვე. ბევრი მეგობარი მყავს შოუბიზნესში, მაგრამ ბოლო დროს ვიგრძენი ბევრისგან ინტერესი, შენით რომ აკეთებ რაღაცებს, რანაირად და როგორო. ყველაზე კარგი პასუხი ასეთ დროს არის პოზიტიური დამოკიდებულება. ამან არ უნდა შეგცვალოს და მე არც შემცვალა. გვერდში ძალიან კარგი ადამიანები არიან.

პირადზე რომ გკითხო, არ მიპასუხებ?

არ ვლაპარაკობ ამ თემაზე. არის პერიოდები, როცა პირად ცხოვრებაში კარგად ხარ, არის მომენტები, როცა ცუდად ხარ. როცა ამაზე საჯაროდ იწყებ საუბარს, მერე ვალდებული ხდები, ყველას ყველაფერი აუხსნა. კარიერაში ბევრი სიახლე მაქვს და ამაზე მირჩევნია საუბარი. ჩემს პირადში ყოფილა კარგიც და ცუდიც, მაგრამ რაც მეტს ჰყვები, უფრო მეტ ინტერესს აჩენ. მართლა ძალიან დატვირთული ვარ საქმით და არ მინდა სხვა რამეზე ყურადღების გადატანა.

ვიცი, რომ ახალ სახლში გადახვედი…

დიდი ხანი ვოცნებობდი ასეთ ბინაზე. იურმალაში მოვიგე თანხა და არ მეყო საოცნებო ბინის საყიდლად. ახლა, როცა ეს სახლი მოვაწყვე, სუფთა ჰაერზე კერძო სახლზე ვოცნებობ (იცინის). ახალ სახლში დედაჩემთან ერთად ვარ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ არის დღეები, მარტო ყოფნა მინდა. ვფიქრობ ხოლმე ზოგჯერ, იქნებ სადმე უცხო ქვეყანაში გავემგზავრო და ვიცხოვრო. მინდა ამ გამოცდილების მიღება, როგორ გავაკეთებ ყველაფერს ახლობლების დახმარების გარეშე. ისეთი ხასიათი მაქვს, შეიძლება, უცებ გადავწყვიტო. ხშირ შემთხვევაში არ ვნანობ და ბოლოს ყველა გადაწყვეტილება მომწონს!..

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: კაფე „ორანჟერეა“

ნინო მურღულია