მოქალაქეები სოციალურ ქსელში უამინდობის გამო შექმნილ საგზაო პრობლემებზე წერენ და აღნიშნავენ, რომ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში გზებზე განსაკურებით მძიმე მდგომარეობაა, საზოგადოებრივ ტრანსპორტს კი გადაადგილება უჭირს:
„ნუცუბიძის მეოთხე პლატო ისევ მოწყდა გარე სამყაროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მოძრაობს მოყინული გზების გამო, სპეციალური ტექნიკა არ მოძრაობს, მარილს არ ყრის და გზებს არ წმენდს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოძრავდეს.
ვისაც მანქანა არ გვყავს, როგორ წავიდეთ სამსახურებში, ბავშვები როგორ წავიდნენ სადაც არიან წასასვლელი, რა გააკეთონ 60 + ხალხმა ? პარალიზებულია ნუცუბიძის მეოთხე პლატო, გაიღვიძეთ“, – წერს Facebook-ზე მაიკო სიხარულიძე.
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, „ფორტუნა“ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ნუცუბიძის პლატოს მიმდებარედ და კერძოდ, ამ მისამართზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკური მარილი კი უკვე ორჯერ დაიყარა.