მომღერალი ნინო ბაშარული, სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს გარდაცვლილი მამის შესახებ ემოციურ ამბავს უზიარებს.
ნინო ბაშარული 20 წლის წინ, მამის გარდაცვალების მომენტს იხსენებს და ასევე ჰყვება იმ სიზმრის შესახებ, რომელიც მამამ მრავალი წლის წინ უამბო.
„ბრწყინვალე შვიდეულში, ოცი წლის წინ, მამის კომიდან გამოსვლას ველოდებოდი…
ღმერთს ვუთხარი, იყოს ნება შენი, როგორც მისი სულისთვის იქნება უკეთესი, ისე მოიქეცი უფალო-თქო. და ღმერთმა ის გაიყვანა. ეს კვირა ჩემთვის განსაკუთრებულია. სათუთია.
სულ მჯეროდა, რომ ცა გახსნილი იყო აღდგომის მერე და ქრისტე მამას თავისთან წაიყვანდა.
მამამ არასოდეს იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა. მიყვარდა იმიტომ კი არა, რომ რამე განსაკუთრებულს აკეთებდა ჩემთვის, მიყვარდა იმიტომ, რომ თვითონაც ვყვარებოდი და მიყვარდა იმიტომ, რომ ვხედავდი, როგორ სჭირდებოდა, რომ მყვარებოდა. საკუთარ თავში გამოკეტილი ბავშვი ვიყავი. გრძნობებს ვერასოდეს გამოვხატავდი.
მაგრამ მამამ მასწავლა პირველად იოგას ასანები, მამამ მაზიარა ფიზიკა-მათემატიკის სამყაროს, შემაყვარა რიცხვები, რაც მერე ნუმეროლოგიის შესწავლის უწყვეტ სურვილად მექცა.
და მამამ, პირველად, მამამ მიწინასწარმეტყველა მომღერლობა და სიტყვასიტყვით ვიმეორებ მის სიზმარს, რომელიც მომიყვა მერვე კლასელს.
– სულ სცენაზე გხედავ, მომღერალი იქნები, ისე იმღერებ, რომ შენი ხმა ადამიანებს გულში ჩასწვდება. სცენა შენი მეორე სახლი იქნება. სცენა თავისით შეიქმნება ყველგან, სადაც იქნები…
შენი ხმა საქართველოში სულ ემახსოვრებათ. პირველად, სცენაზე მე გაგიყვან, პოლონეთში მეგობარი პატარა საკონცერტო დარბაზის მფლობელია, იქ წავალთ, შენ თამამი იქნები და ტაშის ხმა დიდხანს გაგრძელდება…
და ამ სიტყვებს ისეთი გულანთებული და შთაგონებული მეუბნებოდა, რომ ისინი გონების და გულის ყველა უჯრედმა დაიმახსოვრა.
პატარა და უმწეო გოგომ, რომელიც წელიწადში სულ ცოტა სამჯერ ფილტვების ანთებით ვიყავი ლოგინს მიჯაჭვული, დავიჯერე, რომ სიმღერა იქნებოდა ჩემი წერა.
შეიძლება პოლონეთში ვერ წავედით, როგორი სურვილიც ჰქონდა, შეიძლება, სცენაზე ვერ გამიყვანა პირველმა, მაგრამ სიმღერების წერა დავიწყე მალევე…
პირველად 13 წლის ვიყავი, რომ დავწერე „გაზაფხული მოვა“, რომელსაც ჩემს ქუჩაზე ჩემი თანატოლები მღეროდნენ.
და მე გავხდი მომღერალი, რადგან მამამ დამაჯერა, რომ მთებს გადავდგამდი.
მშობლის სიტყვა როგორი ყოვლისშემძლეა.
ჩვენ დავაჯერებთ ჩვენს შვილებს, რომ ისინი იქნებიან ნიჭიერები, მეგობრულები, მოსიყვარულეები, დავაჯერებთ, რომ შეძლებენ სამყაროს კიდევ უფრო გალამაზებას“, – წერს ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში.
ბრწყინვალე შვიდეულში ოცი წლის წინ, მამის კომიდან გამოსვლას ველოდებოდი… ღმერთს ვუთხარი, იყოს ნება შენი, როგორც მისი…
Posted by ნინო ბაშარული on პარასკევი, 25 აპრილი, 2025