LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ ჟვანიასთვის ბოდიშს ითხოვს, ოპოზიციას კი მისი გადაწყვეტილების დამოუკიდებლობის არ სჯერა

78
თამარ ჟვანია

ხვალიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ მხარეებს საშუალებას მისცემს ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ. ამასთან, ჟვანიამ ისიც დასძინა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ  წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას. თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისი გადაწყვეტილების შემდეგ კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჟვანიას გამძლეობისა და თმენისთვის მადლობაც გადაუხადა.

ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას გამოხმაურებები მოჰყვა როგორც მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. შეფასებები თამარ ჟვანიას წასვლის თაობაზე არაერთგვაროვანია.

ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ წევრები დღის განმავლობაში თითქმის ერთი და იგივე შინაარსის განცხადებებს აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ ოპოზიციას და არა მხოლოდ, მისთვის ბოდიში ჰქონდა მოსახდელი, რაც არავის გაუკეთებია.

თავად ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ოქტომბრის ჩატარებული არჩევნების ფონზე, ამ დრომდეც უნდა გადამდგარიყო და უფრო მეტიც, ზოგიერთი ოპოზიციონერი იმასაც ფიქრობს, რომ „ოცნებამ“ ჟვანია „გააგდო.“

როდის და როგორ უნდა აირჩეს ცესკოს ახალი თავმჯდომარე

„ოცნება“ ფიქრობს, რომ ჟვანია „ელემენტარულ ბოდიშს“ იმსახურებს

 

„არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა,“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგდომას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჟვანიას შესახებ „ორი სიტყვით“ ისაუბრა, თუმცა იქვე რამდენიმე პუნქტი ჩამოთვალა, რომლის თანახმადაც, კობახიძის სიტყვებით, ჟვანიამ 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები სუფთად ჩაატარა.

– გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);

– გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;

– გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;

– გაუყალბეს არჩევნების გაყალბება…

ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვინც იცის, რას ნიშნავს ბულინგის ასეთი ინტენსივობა, რომელიც მან განიცადა: ვოლსკი

თანაგუნდელის მსგავსად, „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძეც ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა ჟვანიას ჯერ ბოდიში მოესმინა.

ბოდიში ოპოზიციისგან, რომლებმაც მისი შეფასებით, აბსოლუტურად დაუმსახურებლად, თვეების განმავლობაში ჟვანიას შეურაცხყოფა მიაყენეს და ბევრი ტყუილი დააბრალეს. მდინარაძის თქმით, ჯობდა ის ამ ბოდიშის შემდეგ გადამდგარიყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა.

„ამაში, ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა, პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოში უკვე დადასტურებულია,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწყვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ. არ შემიძლია, იმ ცრუ და არასწორ ბრალდებებს არ გამოვეხმაურო, რომელიც დასკვნის სახით პირადად თამარ ჟვანიამ მიიღო.

ეს მართლაც მძიმე დარტყმა იყო, რადგან დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გარდა, ამ მიმართულებას დიდი პროპაგანდისტური მხარდაჭერა ჰქონდა,“ – ეს განცხადება კი, „ოცნების“ კიდევ ერთ ლიდერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს ეკუთვნის.

მისი შეფასებით, თამარ ჟვანიამ ამ გამოწვევას საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი და უზრუნველყო, რომ ინსტიტუციამ სწორად და გამართულად იფუნქციონირა, რაც სარჯველაძის აზრით, დასაფასებელია. როგორც მან ამ თემაზე საუბრისას თქვა, ყველაფერს ფარდა აეხადა და გამოვლინდა, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ ჰქონდა.

 

ოპოზიციას ჟვანიას გადაწყვეტილების დამოუკიდებლობის არ სჯერა

 

თამარ ჟვანიას გადადგომა „ფორტუნასთან“ საუბრისას  “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ შეაფასა და თქვა, რომ თუ ჟვანია თანამდებობაზე დარჩებოდა, არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ამ პროცესს ნდობა არ ექნებოდა.

“თამარ ჟვანია რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ არსად წასვლას აპირებს. გააგდეს, უთხრეს წადიო და გაუშვეს, ალბათ რამეს დაპირდებოდნენ, სადმე მოწყობას. მის კარიერულ ბედს შემდეგ დავინახავთ,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

მისი აზრით, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა, ერთ შემთხვევაში ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების გამარჯვებაა, რადგან მათი მოთხოვნა შესრულებულია.

მეორე მხრივ, თავმჯდომარის პოსტის დათმობა “ქართული ოცნების” ხრიკია – „ჟვანია ისეთი ახალი ჟვანიათი ჩაანაცვლოს, რომელსაც მისი წინამორბედის სიმძიმის ცოდვები არ აქვს.“

„ბუნებრივია, ჩვენ, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები, კანდიდატურას და მისი შერჩევის პროცესს ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ. პროცესში დავინახავთ, რამდენად არის ხელისუფლება მზად, რომ კომპრომისზე წამოვიდეს და დასამტკიცებლად საზოგადოების მიერ შერჩეული კანდიდატურა წარმოადგინოს,“  – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას რომან გოცირიძემ.

გილოცავთ ყველას, ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია: გიორგი ვაშაძე

პარლამენტის ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარის“ ხათუნა სამნიძის თქმით კი, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ თამარ ჟვანია გადადგომის შესახებ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

თუმცა, ამასთანავე, როგორც სამნიძემ აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ ჟვანია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებდა. მისივე აზრით, მას კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ ექნებოდა.

„მქონდა მოლოდინი, რომ თამარ ჟვანია ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. სამწუხაროდ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ძალიან მძიმე რეალობა და ღრმა კრიზისი შეიქმნა და ამის ერთ-ერთი ავტორი და მონაწილე თამარ ჟვანია იყო, მთელი ეს კრიზისი სიმბოლურად მას უკავშირდება,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ისეთი ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ვნახეთ, ეს ნაბიჯი ჟვანიას უფრო ადრეც უნდა გადაედგა: ბადრი ჯაფარიძე

„თამარ ჟვანია სიტუაციას შესწირეს, კი ბატონო ძალიან კარგია, მაგრამ არ გამოვიდეს ისე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვალოს,“ – ასე აფასებს „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ცესკოს“ თავმჯდომარის გადადგომას.

როგორც „ფორტუნას“ თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი მოთხოვნა არ სრულდება.

„თვითონ ფაქტი, რომ ჟვანია გადადგა, ძალიან კარგია. ეს გვინდოდა ჩვენ და ეს მოთხოვნაა შარლ მიშელის დოკუმენტში, მაგრამ მოდით, სიტუაციას ღრმად ჩავუფიქრდეთ. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერებას ითხოვს ჩვენი მსხვილი პარტნიორი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც იგივე განცხადება გააკეთა.

„ოცნებამ“ სიტუაციას ჟვანია შესწირა, კი ბატონო ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ და არ გამოვიდეს ისე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. უვადოდ განმწესებული მოსამართლეების შემთხვევაში, რა არჩევნები უნდა ჩატარდეს? თუკი სასამართლოს კლანი იქნება, დემოკრატიული არჩევნები როგორ ჩატარდება?

ვინც არ უნდა შეცვალოს თამარ ჟვანია, ის ვერაფრით  იქნება გარანტი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების. ახლა მხოლოდ ამ თემაზე არ უნდა გადავერთოთ, უმთავრესი არის, რომ მოსამართლეების თემა არ დავივიწყოთ,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბრისას თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ვის ხედავს ჟვანიას შემცვლელად, ჩარკვიანი პასუხობს, რომ დღეს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია.

„ამ წამს ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. თუკი დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შევჩერდეთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ. ამან არ უნდა გადაგვიყოლოს. გამარჯვებად არ უნდა ჩავთვალოთ ეს ამბავი, იმიტომ რომ ჟვანია არ იქნება, სხვა იქნება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება.

ოლიგარქი ძალიან ეშმაკურად თამაშობს. კახეთში არსებობს გამონათქვამი ვირეშმაკურად თამაშობსო…  პარალელურად ხდება მოსამართლეების უვადოდ გამწესება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“. – განუცხადა „ფორტუნას“ ჩარკვიანმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თამარ ჟვანია იტყუება, როცა ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგომა თავად გადაწყვიტა.

“კარგია, რომ მაინც მოუწია ჟვანიას წასვლა, მაგრამ: კიდევ ერთხელ მეტყველებს სისტემის სიმახინჯეზე, როცა უნდათ, რა სოუსითაც უნდათ ისე რომ მიიღება გადაწყვეტილებები;

იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა; ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა, უპატივცემულობა კიდევ ერთხელ; ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა;

გამყალბებელთა კლანი ჯავახიშვილის თაოსნობით კომფორტულად არიან,“ – წერს  საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ელენე ხოშტარია.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა მოსალოდნელი და ლოგიკური იყო. როგოც ხვიჩიამ „ფორტუნას“ განუცხადა, ჟვანიას რეპუტაციული ზიანი მიადგა და „ქართული ოცნებისთვისაც“ არ იქნებოდა კომფორტული მის პირობებში არჩევნების  ჩატარება.

„მისი გადადგომა იმის გარანტი ვერ იქნება, რომ შემდგომი არჩევნები გამჭვირვალე იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომ არჩევნებზე ნაკლები მითქმა-მოთქმა და ნაკლები ვნებათაღელვა იყოს, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბრისას იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ჟვანიას გადადგომა „შეწირვად“ შევაფასოთ, რადგან ოპოზიციის ნაწილი სწორედ ასე აღიქვამს ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას,  ხვიჩია პასუხობს:

„შეწირვა არ ვიცი, რამდენად სწორი სიტყვაა, მგონია, რომ ბოლო არჩევნებმა ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია და ისეთ პროცესებში შევედით 2020 -ის არჩევნების შემდეგ, პასუხისმგებლობა რომ აეღო ცესკო-ს თავმჯდომარეს, ამაში გასაკვირი არაფერია“. – განმარტა ხვიჩიამ.

 

 

პოპულალურები