“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ გუშინ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს და მას ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს.
“გვაინტერესებს თუ როგორ მოხდა შემდეგი:
1. როგორ აკუმულირდა იმ რაოდენობის ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი იარაღი დედაქალის ერთ-ერთ ბინაში სამართალდამცავთაგან შეუმჩნევლად, რომ 22 საათის განმავლობაში ამ იარაღით ხდებოდა პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა.
2. სად შეიძინეს ეს იარაღი დამნაშავეებმა – ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარედან შემოიტანეს ის, რაც ორივე შემთხვევაში პრობლემურია: ან ქვეყანაში მიდის იარაღით უკანონო ვაჭრობა, ან საზღვრების სათანადო დაცვა ვერ ხორციელდება.
3. რატომ არ ჰქონდათ სპეცსამსახურებს ამ ადამიანების ცალკ-ცალკე განიარაღების პრევენციული გეგმა.
4. რა ინფორმაცია ჰქონდათ სპეცსამსახურებს ამ ადამიანებზე და თუ ჰქონდათ, რატომ მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ დაიჭრა 4 და მოკლულ იქნა 1 სპეცრაზმელი.
5. ვინ დაგეგმა ეს სრულიად ქაოტური ოპერაცია, რომლის განმავლობაშიც აშკარად სპონტანურად მიიღებოდა გადაწყვეტილებები.
6. ვინ არიან ტერორისტები და რა ქვეყნიდან და რა მიზნით მოხვდნენ ისინი საქრთველოს ტერიტორიაზე.
7. რატომ არ მოხდა სამოქალაქოების დროული ევაკუაცია ოპერაციის ადგილიდან.
8. რატომ დასუსტდა ასე უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში და რამდენად მიუძღვის ამაში წვლილი ჩვენი პროფესიონალი სამხედროებისა და სპეცსამსახურების თანშრომლების პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებასა და სამართლებრივ დევნას.
9. რამდენად აქვს უსაფრთხოების სისტემის მოშლაში როლი ქ-ნი ბესელიას მიერ ამნისტირებულ, ტერორიზმის ბრალდებით პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას.
10. რამდენადაა მომხდარის განმეორების შანსები და აქვს თუ არა ანალოგიურ დაჯგუფებებზე ინფორმაცია სპეცსამსახურებს, რომ მალე იგივე არ განმეორდეს ჩვენი ქვეყნის სხვა წერტილში ან წერტილებში.
ამ და არა მხოლოდ ამ კითხვებზე მოუწევს “ოცნებას” პასუხის გაცემა, მოწონს მას ეს თუ არა. ქვეყნის მთავრობა პასუხს აგებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე,”-წერს ნიკა რურუა სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/nika.rurua.9/posts/1790070251064837?pnref=story