თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვახტანგ შაქარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საკრებულოში დაბრუნების კომენტირებისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოს საქმიანობაზე, თბილისსა და თბილისის ბიუჯეტზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვს.
შაქარიშვილის კომენტარი დედაქალაქის საკრებულომ გაავრცელა.
„რა მორალური უფლებით ლაპარაკობთ საკრებულოს საქმიანობაზე, თბილისზე, თბილისის ბიუჯეტზე თუ სხვა ნებისმიერ საკითხზე. სამი წელი თბილისის საკრებულოს გარდა, ყველგან დარბოდით, ხან ცსკო-ში მოლოტოვის კოქტეილებს ესროდით, ხან პარლამენტში იჭრებოდით, ხან ბოქლომებს ადებდით და ხან ბორკილებს.
ნაცვლად იმ მანდატისა და იმ მოვალეობისა, რაც გეკისრებიდათ, ყველაფერს აკეთებდით. ამაში კი, სამწუხაროდ იღებდით ანაზღაურებას, თბილისელების ფულს. თქვენი აპარატები, თქვენი მანქანები, საწვავი, აპარატის თანამშრომლები, რომლებსაც ხან ერთ მიტინგზე იჭერდნენ, ზოგი პოლიციელს კბენდა, ზოგი თავში ურტყამდა და ამ ხალხს თბილისელების ბიუჯეტიდან ვუხდით ფულს, რომ იმუშაონ რევოლუციურ რეჟიმში და იმუშაონ ქალაქის და სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის განცხადებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიიჩნევს კოლეგებად. მისივე თქმით, ბოლო დროს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კოჰაბიტაცია ახალ მახინჯ ფორმას იძენს, რაშიც ხელისუფლების გადაბარების ელფერს ხედავს.
„მე თქვენ არც კოლეგებად გაღიარებთ, არც პარტიად, არც პოლიტიკოსებად. თქვენ იყავით ხელისუფლებაში ყოფნის დროს დამაქცევრები, ოპოზიციაში ყოფნის დროს კი ერთადერთი სურვილით შეპყრობილი, რომ რამენაირად დაიბრუნოთ ძალაუფლება ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე. თქვენ ალბათ რიგითი ჭანჭიკები, ხელის ბიჭები და ხელის გოგონები იქნებოდით, მაშინ როდესაც თქვენი ხელმძღვანელები ამ ქალაქს ამახინჯებდნენ, ადამიანებს ბიზნესს ართმევდნენ, ქუჩაში ხალხს ხვრეტდნენ.
თქვენ ამას ან „აპრავებდით“ ან ხშირ შემთხვევაში ამის შემოქმედები იყავით. ნუ დაიწყებს აქ ქალაქის საქმიანობაზე, ბიუჯეტზე და რეგლამენტზე ლაპარაკს. თქვენ ამის მორალური უფლება არ გაქვთ.
და თუ „ქართული ოცნება“ ამის საშუალებას მოგცემთ, აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამის საშუალებას არ მოგცემთ და ლაქუცს არ დაგიწყებთ, როგორი ლაქუციც ჩვენ ვიხილეთ გაბუნია-კობახიძის სახით, თითქოს მშვიდობაა და ნორმალურ ტელევიზიაში იმყოფედობა „ქართული ოცნების“ ლიდერი. კოჰაბიტაცია ახალ მახინჯ ფორმას იძენს და მე მგონი, ხელისუფლების გადაბარების ელფერი აქვს ამ ყველაფერს.
ალბათ თქვენც გრძნობთ და ამან გიკარნახათ საკრებულოში შემოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადია, რომ თქვენ ქალაქისთვის არც სასიკეთო და არც რეალური პრობლემები არ გაინტერესებთ“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა დაბრუნდნენ იქ, სადაც, მისი თქმით, ამ პარტიის ადგილია – ქუჩაში და დესტრუქციაში. მისივე განცხადებით, თუკი „ქართული ოცნება“ არ გასცემს ამ პარტიის წევრებს ადეკვატურ პასუხს, მოიძებნებიან ღირსეული ადამიანები, ვინც ამას გააკეთებს.
„არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ, თქვენ საერთოდ რამეზე ილაპარაკოთ. თუ ადეკვატურ პასუხს არ მიიღებთ „ქართული ოცნებისგან“, აქ არიან ღირსეული ადამიანები, ვინც პასუხს გაგცემთ. მოველი ასევე, ადეკვატურ პასუხს ჩემი კოლეგებისგან უმრავლესობიდან, რადგან ბოლო პერიოდში სიამტკბილობაში გადაიზარდა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობა პარლამენტში იქნება ეს, საკრებულოში, მედიებში, დანაშაულებრივ ტელევიზიებში თუ ასე შემდეგ. ასე რომ, გავცეთ მათ ერთხელ და სამუდამოდ საკადრისი პასუხი. დაიღალა ხალხი და დავიღალეთ ყველა მათი უსაგნო ლაპარაკის მოსმენით“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.