საზოგადოება ძალიან მალე დარწმუნდება, რომ კობახიძისა და ღარიბაშვილის მიმართ გავრცელებული ბინძური ტყუილები ბინძური ადამიანების თავშია მოსული, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებ, მთელი ქართული საზოგადოების მწუხარებას ვიზიარებ. სურათი ნათელია და საზოგადოება ადვილად განსჯის, ვინ მართლა გულშემატკივრობს და განიცდის, ვინ მართლა არის ჭირისუფლის მოზიარე და ვინ თავისი ბინძური პოლიტიკური დღის წესრიგით ახერხებს და აგრძელებს ცხოვრებას ასეთ მძიმე ვითარებაში. ისეთი მძიმე სიტუაციაა, შეიძლება, ადამიანს მართლა ენა გადაეყლაპოს და სიტყვა ვერ იპოვოს. ისეთი განცდებია, როგორსაც მტერსაც კი არ ვუსურვებ. პირველივე წუთებიდან ჩვენი მაშველები, პოლიციელები, ჯარი, მთავრობა, პარტიის ხელმძღვანელობა, პარლამენტი, ქართული საზოგადოება დარაზმული როცა იყო და ერთიანი ძალებით უტევდნენ ამ გამოწვევას, ამ დროს ადამიანებმა მოახერხეს და ჩემ მიერ ჩამოთვლილი ადამიანების მიმართ სიძულვილის შემცველი ცრუ ინფორმაციები გაავრცელეს.
საზოგადოება ძალიან მალე დარწმუნდება, რომ კობახიძისა და ღარიბაშვილის მიმართ გავრცელებული ბინძური ტყუილები ბინძური ადამიანების თავშია მოსული. 1984 წელს სწორედ ამ კოტეჯებში მამაჩემთან ერთად ვისვენებდი. ეს კოტეჯები აშენებულია 60-იან წლებში და ამ თვალსაზრისით კითხვები ვერ იარსებებს. კოტეჯების თემა ნათლად გვანიშნებს, რომ მაშინდელმა მეცნიერებმაც კი გასული ასი წლის გამოცდილებას გადახედეს, ხეობას კალაპოტი უცვალეს და კოტეჯები განალაგეს. ეს მეტყველებს, რომ ამ ხეობაში ასეთი ტიპის სტიქია არ მომხდარა და არც არავინ ელოდებოდა. რაც კი ადამიანის გონებას და ხელს შეიძლება ჰქონოდა ხელმისაწვდომი, ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
