LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოფიციალურად თავისუფალი ვარ ! – დიდი გამოწვევაა იყო ძლიერი ქალი ” – ქართველი ბიზნესლედის, ქეთევან ხიშტოვანის გლამურული, თავბრუდამხვევი და ზღაპრული ცხოვრება

2856
ქეთევან ხიშტოვანი

ექიმი, პროფესორი, პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან ხიშტოვანი ყოველდღიურად აოცებს გამომწერებს საკუთარი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების სტილით, სადაც დრო არის როგორც დატვირთული პროფესიული საქმიანობისთვის, ასევე პირადი ცხოვრების განვითარებისთვის, მოგზაურობისთვის, საკუთარ თავსა და სამ შვილზე ზრუნვისთვის და სხვა საქმიანობისთვის. მთავარი კითხვა, რასაც ქართველ ბიზნესლედის უსვამენ, ისაა, თუ როგორ ახერხებს დროის სწორად მართვასა და განაწილებას ისე, რომ მის ცხოვრებაში თანაბრად იყოს განვითარებული ყველა აუცილებელი სფერო.

ქეთევან ხიშტოვანი fortuna.ge-ს საკუთარ ცხოვრებაზე გულღიად ესაუბრება.

ახლახან იყავით დიდ ბრიტანეთში, სამეფო დოღზე. როგორც ვიცი, იქ პირველად არ გქონიათ მიწვევა…

უკვე დიდი ხანია, დავდივარ ამ ღონისძიებაზე. ამ აქტივობაში ჩემთვის საინტერესოა, პირველ რიგში, ახალი გამოცდილება. ყოველწლიურად მაქვს სპეციალური მოსაწვევები, რითაც მაქვს საშუალება, დავესწრო ამ განსაკუთრებულ ღონისძიებას. ყოველ წელს მას ესწრებიან სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, წელს იყო მეფე ჩარლზი, მაგრამ არ იყო ქეით მიდლტონი (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო), არც მისი მეუღლე და არც ბავშვები. წინა წელს ყოველ წელს ესწრებოდნენ ხოლმე.

ამ ღონისძიებაზე არსებობს დრესკოდი?

რასაკვირველია, არსებობს – აუცილებელია ქუდი, არ შეიძლება მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმა, გამოხატული სიშიშვლე და ვულგარული ელემენტები აკრძალულია.

თქვენი სტილი ძალიან მრავალფეროვანია. როგორ მიაგენით მას და ჩამოაყალიბეთ იმიჯი, რომელიც დღეს გაქვთ?

რაც შეეხება სტილს, ეს არის ის, რაც მეტყველებს შენზე, სანამ საუბარს დაიწყებ. მოდა იცვლება, მაგრამ სტილი არის ის, უცვლელი უნდა დარჩეს. ჩემი სამოსი აუცილებლად უნდა იყოს ქალური, ელეგანტური ელემენტებით. ჩემს ყოველდღიურ გარდერობში არის ქუსლიანი ფეხსაცმელიც, კლასიკური სამოსიც. ორიენტირებული ვარ ხარისხზე, ვითვალისწინებ მოდის ელემენტებს, მაგრამ მივყვები იმ ხაზს, რომელიც უკვე წლებია, შერჩეული მაქვს. ბავშვობიდან მომწონდა ელეგანტური სტილი. შემდეგ შევუსაბამე ჩემს სამუშაო განრიგსა და პროფესიულ საქმიანობას. შესაძლოა, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავიდე, მაგრამ ამ დროსაც ჩაცმულობაში ელეგანტური ელემენტები მაქვს გათვალისწინებული.

თქვენი ცხოვრების სტილი ძალიან განსაკუთრებული და თვალშისაცემია. ჩვენი თვალით დანახული ძალიან ლამაზია, როგორია თქვენი გადასახედიდან?

ჩემი თვალით დანახული კიდევ უფრო საინტერესოა (იღიმის). ჩემი ცხოვრების სტილი არის ამბიციის, სიხარულის, ვნების დინამიკური ნაზავი, ყოველდღიურად არის ახალი თავგადასავლები, რომლებიც იწყება თუნდაც ერთი ფინჯანი ყავიდან და მედიტაციიდან, გაგრძელებული ყოველდღიური უამრავი შეხვედრით, დამთავრებული სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებით. შუალედებში შვილებისა და მეგობრებისთვის ვიცლი, ასევე თავის მოვლისთვის…

რამდენი შვილი გყავთ?

მყავს სამი შვილი, ტყუპი და ერთი გოგონა. მათ ასაკს არ დავაკონკრეტებ, რადგან ეს შემდეგ ჩემს ასაკსაც გაუსვამს ხაზს (იცინის).

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გრაფიკი დატვირთულია, ეს არის მრავალფეროვნება და სწრაფი ტემპი, რომელიც მაძლევს უშრეტ ენერგიას, ვხალისობ ყველა იმ როლითა და პასუხისმგებლობით, რომლებიც თავადვე დავაკისრე საკუთარ თავს. კომპანიის სტრატეგიული მიმართულების მენეჯმენტიდან, სტუდენტების სწავლებით გაგრძელებული, ჩემი სამუშაოს ყველა ასპექტს მოაქვს დიდი ენერგია. პროფესიული ცხოვრების მიღმა არის ჩემი სხვა ინტერესები, მათ შორის, მოგზაურობა, ბიზნესისა თუ სიამოვნებისთვის, ახალი კულტურის შესწავლა და სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრა ამდიდრებს პირად გამოცდილებას და ახალი პერსპექტივები შემოაქვს ჩემს საქმიანობაში. ის, რაც ჩემს ცხოვრებას ნამდვილ ხდის ფერადსა და ბედნიერს, არის ადამიანების საოცარი ქსელი, რომლითაც გარშემორტყმული ვარ, დაწყებული ოჯახის წევრებით, მეგობრებით, ბიზნესპარტნიორებით გაგრძელებული. მათი მხარდაჭერა ჩემთვის ფასდაუდებელია. ყოველდღიური ცხოვრება არის შესაძლებლობა, რომ ისწავლო, გაიზარდო და დადებითი გავლენა მოახდინო შენს გარშემო მყოფებზე.

ქალბატონები, რომლებიც ფეხზე მყარად დგანან, აქვთ საკუთარი ფინანსები და ძლიერი ხასიათი, როგორც წესი, მეორე ნახევარს უფრო ძნელად პოულობენ. თქვენ შემთხვევაში, არის შიში საპირისპირო სქესის მხრიდან?

რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა, იყო ძლიერი ქალი, ეს სერიოზული გამოწვევები და პასუხისმგებლობებია. ძლიერი ქალი ასეთი იმიტომაა, რომ მას სხვა შესაძლებლობა არ აქვს. ძლიერი ქალი ვერასდროს იქნება სუსტი მამაკაცის გვერდით. ძლიერმა ქალმა შესაძლოა, ასეთივე მამაკაცის გვერდით საკუთარი სისუსტეები გამოავლინოს და იმ მამაკაცს უფრო მეტი თავდაჯერება შესძინოს – ჰყავს გვერდით ქალი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, იყოს მის გარეშე, მაგრამ მაინც მასთან ყოფნა სურს. ჩემი ურთიერთობა სუსტ მამაკაცთან ვერ შედგება. სუსტ მამაკაცებს არ მოვწონვარ და არც მოდიან ჩემამდე. ისინი ცდილობენ, დააკმაყოფილონ იმ ქალბატონების ინტერესები, ვისთანაც თავიანთ როლს ხედავენ. მამაკაცები ცდებიან, როცა ეძებენ სუსტ ქალს და მათ გაბედნიერებას ცდილობენ, ეს ხელოვნურად შექმნილი ბედნიერებაა. ძლიერ ქალს გვერდით მხოლოდ ძლიერი მამაკაცი სჭირდება, რომელიც მუდამ ითვალისწინებს მეორე ნახევრის დატვირთულ განრიგს, მისთვის ქალის სიძლიერე არა დისკომფორტის, არამედ სიამაყის და მეტი თავდაჯერებულობის მომტანია. 

კიდევ რა არის მნიშვნელოვანი საპირისპირო სქესში?

სიძლიერე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია. მამაკაცს უნდა ჰქონდეს ღირსებები, იყოს დამოუკიდებელი, ვისთვისაც ჩემი დამოუკიდებლობა არ იქნება თავდაჯერების ნაკლებობის მიზეზი. მთავარი არის მაინც ემოცია, ქიმია, რომელიც მამაკაცმა უნდა აღძრას შენში და ადამიანური თვისებები. მამაკაცმა უნდა შეგავსოს ემოციურად…

ახლახან დაბადების დღე აღნიშნეთ. როგორი იყო ეს დღე?

პროცესში, როცა ბევრი პრობლემა იყო გადასაწყვეტი, ვერ ვისიამოვნე, სტრესული იყო. წინა წელს, პარიზული დაბადების დღის შემდეგ, წელსაც ყველას ჰქონდა რაღაც გრანდიოზულის მოლოდინი. ჩემი მეგობრები ხუმრობით ამბობენ, რომ ახალ წელსა და ჩემს დაბადების დღეს ერთნაირი ენთუზიაზმით ელოდებიან (იღიმის). მეც გარკვეული პასუხისმგებლობა მაქვს, თუ ვაკეთებ, განსაკუთრებული და კარგი იყოს, რომ ყველას დაამახსოვრდეს. ასეთი შეგრძნებები სულ რჩება ჩემს სამეგობროს, ჩემი დაბადების დღის შემდეგ, რაც მუდამ სასიამოვნო მოგონებად რჩება.

წელს იყო ძალიან საინტერესო წვეულება, მაგრამ დამღლელი – ხამანწკები საიდან უნდა მოიტანონ, როგორი შამპანური უნდა იყოს, ბალიშები ყავისფერი აღმოჩნდა და თეთრი უნდა ყოფილიყო, ხელოვნური ყვავილები გაითვალისწინეს და ბუნებრივად გადავაკეთებინე, მოკლედ, ბევრი დეტალი იყო, მაგრამ ბოლოს სასიამოვნოდ დასრულდა.

როგორც ჩანს, სირთულეების დაძლევა ძალიან გიყვართ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის კარგი და ცუდი პერიოდები. ახლა თქვენი ცხოვრების რა ეტაპი გაქვთ, რას მიაღწიეთ და საით მიდიხართ?

ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მაქვს გამოწვევები. ყველა პრობლემას, ყოველდღიურსა თუ მასშტაბურს, ჩემს შესაძლებლობას ვაქცევ, ვპოულობ ინსპირაციას, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. ამ ეტაპზეც გამოწვევების წინაშე ვდგავარ, როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში. მჯერა, რომ ამ გამოწვევებსაც კარგად გავუმკლავდები. ყველა ცვლილება, რაც ყოფილა, იყო საუკეთესო მომავლის შესაქმნელად მიუხედავად, იმ ეკლიანი გზისა, რომელიც გამივლია. გარედან ყველაფერი შესაძლოა, ლამაზად ჩანს, მაგრამ ამის უკან დგას ბევრი უძილო ღამე და პრობლემების გადალახვა…

თქვენს პირად ცხოვრებაში როგორი ეტაპია?

ჩემთვის ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 17 წლის განმავლობაში, 2017-დან 2024 წლამდე, პირველად ვარ თავისუფალი. ეს ოფიციალურია! (იღიმის). ურთიერთობებს შორის შუალედებიც ძალიან მცირე მქონია, ერთი ან ორი თვე. ჩემთვის ეს ეტაპი ცოტა უჩვეულოა, მაგრამ ვისიამოვნე დამოუკიდებლობით, აღმოვაჩინე საკუთარი თავის განსხვავებული ვერსია, ეს აყალიბებს ტონს შემდგომი ურთიერთობებისთვის. ყველა ურთიერთობას სჭირდება შრომა, გაფრთხილება, თანადგომა და რაც მთავარია, თავისუფლება. მხოლოდ თავისუფალი და ბედნიერი ადამიანები გვანიჭებენ კომფორტს ცხოვრებაში.

როგორ ინარჩუნებთ სილამაზეს და უვლით თავს?

როგორც ბიზნესმენმა, ვიცი, რომ საკუთარი თავის მოვლა წარმატებისთვის აუცილებელია. არ შეიძლება, სხვებს კარგად ემსახურო ცარიელი ჭურჭლით (You cannot serve from an empty vessel.). ეს ელეონორა ბრაუნის ციტატაა, რომელსაც ვეთანხმები. საკუთარ თავში ინვესტიცია საუკეთესოა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. მაქვს ჩემი ყოველდღიური რუტინა – მნიშვნელოვანია მადლიერება, რომ ნათელი გონებით დავიწყო დღე, მივმართავ მედიტაციას, ვარჯიშს,, დაბალანსებულ დიეტას. ყოველდღიურ ინვესტიციას ვდებ ჩემს თავში, კითხვა, სემინარებზე დასწრება…

რაც შეეხება თავის მოვლას, მნიშვნელოვანია, იცოდე, რა გჭირდება, გადამეტებულმა ზრუნვამ შესაძლოა, დაგაზიანოს ფსიქოლოგიურად, ფინანსურად თუ ვიზუალურად…

რა არის წარმატების მთავარი ფორმულა თქვენთვის?

მინდა, ქალბატონებს ვურჩიო, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავის, ირწმუნონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, სამყაროს შეცვლაც კი, უნდა იცოდე, რა გსურს და ამისთვის ყველაფერი გააკეთო; არასდროს უღალატო პრინციპებსა და ღირებულებებს; აქციო ყველა პრობლემა გამოწვევად; გარშემო გყავდეს ადამიანები, ვინც შთაგონებას იწვევს, არასდროს შეწყვიტოთ ინვესტიცია საკუთარ თავში, უპირატესობა მიანიჭეთ საკუთარი თავის მოვლას, გამოყავით დრო ვარჯიშისთვის, იყავით ღია ცვლილებებისა და ინოვაციებისთვის, აითვისეთ დროის მართვის ხელოვნება, აუცილებელია, სწორად დასახოთ პრიორიტეტები, ამოცანები, რომლებიც თქვენს მიზნებსა და საჭიროებებს შეესაბამება, არასდროს დაკარგოთ თავდაჯერება, საკუთარი თავის რწმენა, ნუ შეგეშინდებათ რისკების აღების, დაისახეთ მკაფიო მიზნები, შექმენით საგზაო რუკა და პერიოდულად გადახედეთ, იპოვეთ ჰარმონია პროფესიულ პასუხისმგებლობასა და პირად ცხოვრებას შორის. მხოლოდ საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფ ადამიანს შეუძლია, გააბედნიეროს სხვა და იყოს წარმატებული!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ვიდეო: საოცარი ვარდისფერი კაბა და მდიდრული გარემო – როგორ აღნიშნა ქეთი ხიშტოვანმა თურქეთში დაბადების დღე

ვიდეო: „ის, რომ ძლიერი ქალი ხარ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აიტანო“ – ქეთი ხიშტოვანის გზა წარმატებისკენ

ვიდეო: ქართველი პროფესორი ქალბატონის მდიდრული დაბადების დღის კადრები იახტიდან

ვიდეო: ზღაპრული ვარდისფერი კაბა და საოცარი გარემო – ქეთი ხიშტოვანის დაბადების დღის კულუარულ ამბებზე მისი მეგობრები ყვებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები