გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე პირს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ბრალდებული ოჯახის წევრს სისტემატურად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჭვიანობის მიზეზით, დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
„19 მარტს, ქ.თბილისში, დ.ა.-მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ.ა. ჩაკეტა ბინაში და მის მიმართ უწყვეტად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
ბრალდებული გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა იძულებით არასასურველ კომუნიკაციას. მ.ა.-ს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული წამების შედეგად, ჩამოუყალიბდა ძალადობის განმეორების საფუძვლიანი შიში, იმყოფებოდა მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში, რის გამოც შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და შეექმნა სოციალური ქსელის პროფილისა და მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის რეალური საჭიროება.
დ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 11 პრიმა-151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და დ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.