რუსული აგრესიის თვალსაჩინოებისთვის – უკრაინა გეგმავს, განადგურებული რუსული ტანკები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამოფინოს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პოლონურ ტელეარხ Polsat News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ალექსეი რეზნიკოვის თქმით, განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის ჩვენება ვარშავაში, ბერლინში, ლისაბონსა და ევროპის სხვა ქალაქებში იგეგმება.
თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთში პუტინის გადაყენება არ დაასრულებს ომს უკრაინაში, რადგან რუსეთში მხოლოდ ერთ ადამიანს არ სძულს უკრაინა. მისი თქმით, მთელი კრემლი ატარებს იმპერიულ პოლიტიკას და რუს გენერლებს სურთ, საკუთარი ქვეყნის ტანკები ლისაბონში იხილონ:
“და ჩვენ დავეხმარებით, რომ რუსული ტანკები იყოს ევროპაში – მაგრამ როგორც ჯართი. ჩვენ ვგეგმავთ, განადგურებული რუსული ტექნიკის გამოფენების მოწყობას. დავიწყებთ ვარშავით, შემდეგ გავაგრძელებთ ბერლინით, პარიზით, მადრიდითა და ბოლოს ლისაბონით დავასრულებთ”, – თქვა რეზნიკოვმა.
პოლონურ მედიასთან რეზნიკოვმა სამხედრო ტყვეების გაცვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, უკრაინელი სამხედროების გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსები იცავენ სამხედრო ტყვეების მიმართ ჰუმანური მოპყრობის შესახებ კონვენციას, მაგრამ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.
როგორც რეზნიკოვი აღნიშნავს, უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს “აზოვსტალის” მცველების გათავისუფლებაზე.
ტყვეობაში მყოფი “აზოვის” რამდენიმე მეთაური მოსკოვში, წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში