წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში საოკუპაციო ხაზთან, რუსმა ჯარისკაცებმა 31 წლის მამაკაცი გაიტაცეს. ადგილობრივი მკვიდრი, უტა სამუშია მდინარე ენგურში თევზაობის დროს დაიჭირეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მამაკაცს შეიარაღებული რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს და იძულების წესით დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წაუყენეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ გატაცების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.