ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში წერია, „გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას.
„პირი, რომლის შესახებაც საუბრობენ, დაკავებულია და გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას ახდენს“ – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციითვე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“), რაც10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილია. მედიის ცნობითვე, მან გუშინ მეგობრებს უთხრა, რომ უცნობი პირები მის ბინაში აივნიდან შეიჭრნენ. ამის შემდეგ მეარაყიშვილთან კავშირი გაწყდა. გუშინ შუადღისას სამოქალაქო აქტივისტმა განაცხადა, რომ დღეიდან შიმშილობას დაწყებას გეგმავდა „ძალაუფლების თვითნებური გამოყენების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
„ფორტუნა“ ინფორმაციის გადამოწმებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცდილობს – ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
