LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო აქტივობებზე, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება: სუსი

58
სუსიიი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი წარმოადგენს ოკუპაციის შედეგს, მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლიდან უკანონო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება ხორციელდება. ასევე ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს ოკუპაციის შედეგს, მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლიდან უკანონო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 149 კმ-ია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 350 კმ-ზე მეტი. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ორივე მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას,” – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხს.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ  უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის რამდენიმე ათეული შემთხვევა იდენტიფიცირდა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თითოეული მათგანი მოქმედი მექანიზმების ფარგლებში, უმწვავესად განიხილეს.

“კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურდა. განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. მიმდინარეობს პროცესის  საერთაშორისო პარტნიორებთან დეტალური განხილვა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საოკუპაციო ხაზისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განხილვისას რუკების გამოყენება ხელს უწყობს ე.წ. საზღვრის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული ნარატივის გამყარებას. ამავდროულად, ოკუპაციისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხების განხილვისას არაზუსტი ტერმინოლოგიის (მაგ: შიშის ზონა, საზღვარი, საზღვრის გადმოწევა) გამოყენება, აზიანებს სახელმწიფოს მიერ დეოკუპაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g