LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ დათუნაშვილის შესახებ

206
ლერი ხაბელოვი, ედიშერ მაჩაიძე

გეგა გეგეშიძის გადადგომის შესახებ არ გვიმსჯელია, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განაცხადა.

“ზურაბ დათუნაშვილი ჩვენი ლიცენზიანტი სპორტსმენია და იღებს ჩვენს სტიპენდიას. გვინდა, რომ მოიპოვოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. იგივე მოსაზრება ჰქონდა პრეზიდიუმს, მაგრამ ამ შეთავაზებაზე მან უარი თქვა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა. ამაზე ვიმსჯელებთ და შემდეგ მოგახსენებთ. ამ წონით კატეგორიაში ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი და გამოვა, რომ ზურა დათუნაშვილი ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, რასაც მე მხარს ვერ დავუჭერ. გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უნდა მომეთმინაო. რაც შეეხება გადადგომას, ეს საკითხი საქალაქო სასამართლოშია და ამიტომ ამაზე არ გვიმსჯელია”, – განაცხადა ხაბელოვმა.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, ზურა დათუნაშვილს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს.

„მორალური მხარე, რომელიც ზურა დათუნაშვილს აწუხებდა, ეს იყო ბატონი გეგას ის ქცევა, რომელიც მსჯელობის საგანია. გეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურას და მოინანია. მან თქვა, რომ რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო და ზურა დათუნაშვილს უთხრა, რომ რადგან ფედერაციის პრეზიდენტია, ალბათ, მეტი მოთმინება უნდა გამომეჩინა. პირადად ზურას ბოდიში მოუხადა. გეგა გეგშიძემ ზურა დათუნაშვილს ჰკითხა: ახლა შენ თქვი შენი მხრიდან რაც დააშავეო”, -განაცხადა მაჩაიძემ.

მისივე თქმით, საპასუხოდ ზურა დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძეს განუცხადა, რომ მას მოძალადე პრეზიდენტთან თანამშრომლობა არ შეუძლია. ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, მთავარია, დათუნაშვილმა ცხელ გულზე ემოციები შეიკავოს და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას პასუხი მოგვიანებით დაფიქრებულად გასცეს.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დღეს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო.