„ომი [უკრაინაში] რუსეთმა დაიწყო და მშვიდობის დამყარებას პუტინის რეჟიმის მზაობა სჭირდება – მისი მხრიდან არანაირი ინდიკაცია არ გვაქვს, რომ ამ ომის შეჩერებას აპირებს“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო დასრულებასთან დაკავშირებული განცხადებები შეაფასა.
სამადაშვილის თქმით, „მშვიდობის დამყარებას, უპირველესად, პუტინის რეჟიმის მზაობა სჭირდება“:
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ კიევი მზადაა, მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს
შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ნამდვილად, ყველას გვსურს, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მშვიდობის დამყარებას, უპირველესად, პუტინის რეჟიმის მზაობა სჭირდება, რომ ეს ომი შეწყდეს. ამიტომ, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მესამე მხრიდან, მშვიდობის მსურველებისგან თუ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ფაქტია, რომ პუტინის რეჟიმისგან არანაირი ინდიკაცია არ გვაქვს, რომ ის ამ ომის შეჩერებას აპირებს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას უნდა გვესმოდეს, საბოლოოდ, მშვიდობის დამყარება რუსეთზე ეფექტიან ზეწოლას მოითხოვს. უნდა დაველოდოთ რუსეთს რა რეაქცია ექნება ამ მცდელობაზე, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ჯერჯერობით, ამ საკითხზე რუსეთის პოზიციაში ძვრებს ვერ ვხედავთ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.