LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომიკრონის 4 ძირითადი სიმპტომი და პასუხები კითხვებზე, რომელსაც ბუსტერის გაკეთებამდე სვამენ

2072
1

პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად კვლავ კოვიდვაქცინა რჩება.

ვირუსის შტამების მატებასთან ერთად, ზოგიერთი ქვეყანა ვაქცინის მეოთხე დოზის დამტკიცებაზეც იწყებს ფიქრს.

“ომიკრონის” შტამის გავრცელების შემდეგ, ისრაელმა მეორე ბუსტერი დაამტკიცა და მოგვიანებით კვლევის დამაიმედებელი შედეგებიც წარადგინა. 

მეოთხე დოზამდე, საქართველოში მოსახლეობა ჯერ ვაქცინის მესამე დოზით იცრება  – “ბუსტერით” აცრა, თავდაპირველად, სპეციალური ჯგუფებისთვის 11 ოქტომბრიდან დაიწყო, შემდეგ სამიზნე ჯგუფები გაფართოვდა, ამის შემდეგ კი, ორჯერადად აცრიდან მესამე დოზამდე ინტერვალი 6-დან 3 თვემდე შემცირდა.

11 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

✔  სულ ჩატარებულია 2 565 599 აცრა;

✔  სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 299 971 ადამიანი, რაც ->18 წლის ასაკის მოსახლეობის 45.2%-ია;

✔  ორი დოზით ვაქცინირებულია 1 174 297 ადამიანი, რაც – >18 წლის ასაკის მოსახლეობის 40.9%-ია;

✔  ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 89 685 ადამიანს;

კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების პარალელურად, საზოგადოებაში ხშირდება კითხვები ვაქცინებთან და, მათ შორის, ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით.

მოქალაქეები კითხვას სხვადასხვა ფორმულირებით სვამენ:

 

◼  როდის უნდა გავიკეთო ბუსტერ-დოზა, თუ ვიყავი ინფიცირებული, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ვაქცინის ორივე დოზა გავიკეთე;

◼  როდის უნდა გავიკეთო ბუსტერი, თუ პირველ და მეორე აცრებს შორის კოვიდიც გადატანილი მაქვს და, შესაბამისად, მაქვს ანტისხეულების დიდი რაოდენობა;

◼  როდის უნდა ავიცრა ბუსტერ-დოზით, თუ კოვიდინფექცია ორჯერადად აცრის შემდეგ გადავიტანე;

◼  როდის უნდა გავიკეთო ბუსტერ-დოზა, თუ კოვიდი არ მაქვს გადატანილი და ვარ ორი დოზით აცრილი;

◼  ახდენს თუ არა გავლენას ბუსტერის ინტერვალზე, ის, თუ რომელი ვაქცინა მაქვს გაკეთებული პირველ და მეორე დოზებად.

“ფორტუნამ” მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებს ერთად მოუყარა თავი და ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, დევი ტაბიძეს მიმართა.

 

 

დევი ტაბიძე “ფორტუნასთან” განმარტავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ მონაკვეთში დაინფიცირდა ადამიანი – ორი დოზით ვაქცინაციამდე, აცრებს შორის, თუ ვაქცინაციის შემდეგ, მისი თქმით, თითოეულ შემთხვევაში, ბუსტერის გასაკეთებლად ინტერვალი 3-დან 6 თვემდეა:

“გადავიტანე კოვიდი, შემდეგ ავიცერი, ან თუნდაც, სულ ერთია, ამას არ აქვს მნიშვნელობა – გინდა ავიცერი და შემდეგ გადავიტანე – ამას აქვს, მინიმუმ, 3-თვიანი ვადა.

ჯერჯერობით, ეს სტანდარტია, მაგრამ მე ვთვლი, რომ შესაძლებელია ამ სტანდარტის დაწევა იმის მიხედვით, თუ რამდენი იქნება ანტისხეულების რაოდენობა და აუცილებლად უნდა ჩაიტარონ კვლევა ანტისხეულებთან მიმართებაში – თუ ის ძალიან მაღალია, მაშინ შეუძლია სამი თვე და მეტი იყოს, თუ შედარებით დაბალი მაჩვენებლებია, მაშინ ამ სამთვიან ინტერვალს, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით და შეუძლია ბუსტერის გაკეთება.

ისრაელის მაგალითზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისრაელში ერთი თვის თავზეც კი სთავაზობენ აცრას, 1-დან 2 თვემდე არანაირ პრობლემას არ ქმნის, ამიტომ ასე დაკონკრეტებით, როგორ და რა იქნება, ამის ფორმულას და ე.წ. რეცეპტს ვერავინ მოგცემთ.

ფაქტი ერთია – თავად სტანდარტული მდგომარეობა გვეუბნება სამ თვეს და თუკი სხვა თანდართული პროცესი არ არის, მაშინ, ჩემი რეკომენდაციით, შესაძლებელია, 2 თვის თავზეც ჩაიტაროს ბუსტერ დოზა.

ბუსტერის გაკეთების დროს გასათვალისწინებელია ასევე: ბუსტერ-დოზით აცრის წინ, ერთი კვირის ინტერვალში, არ უნდა იყოს, ე.წ. რესპირატორული ვირუსებისთვის დამახასიათებელი რაიმე ჩვენება – იგივე სურდო, გაციება, არ არის საუბარი ტემპერატურაზე, მაღალი ტემპერატურა მთლიანად ცვლის ფორმულას, ამიტომ, თუ გვაქვს ცხვირიდან მცირეოდენი გამონადენის, თავის ტკივილების სიმპტომატიკა, მაშინ აცრამდე, მინიმუმ, ამ სიმპტომატიკის გასვლიდან ერთი კვირა უნდა შევიკავოთ თავი”, – განმარტავს დევი ტაბიძე.

 

 

როგორ ვიქცევით – თუ ავიცერით ორჯერ, გადავიტანეთ კოვიდი, ჩავიტარე ანტისხეულების ტესტი და აღმოგვაჩნდა მისი დიდი რაოდენობა – რა პერიოდის განმავლობაში შეიძლება არ გავიკეთო ბუსტერ-დოზა?

 

აღნიშნულ შეკითხვაზე დევი ტაბიძის პასუხი ასეთია: “შეიძლება ბუსტერი საერთოდ არ გაიკეთოს ადამიანმა, ასეთი მოსაზრებაც არსებობს, მაგრამ დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია, ამიტომ ძალიან კეთილი საქმე იქნება, 6 თვეს თუ არ გავცდებით.

მიღებულია მინიმალური ინტერვალი 3 თვე. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ მოსახლეობისთვის კარგად იყოს გასაგები – დამოკიდებულია, თუ რა რაოდენობის ანტისხეულები გვექნება, თუ ანტისხეულების რაოდენობა დაბალია, მაშინ უფრო მეტად წარმატებული იქნება ეს დადგენილი სამი თვე და თუ  ანტისხეულების დონე მაღალია, მაშინ შეგვიძლია ვადა გავახანგრძლივოთ.

კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ბევრს აქვს, მაგრამ სჯობს ავიცრათ, არაფერს გავაფუჭებთ, პირიქით, მივიღებთ ძლიერ იმუნიტეტს. ახლა იმუნიტეტი მთელს მსოფლიოში ყველაზე მთავარი პრობლემაა, რადგან 21 საუკუნეში ვირუსებისა და ყველაფერი საშინელების ხანა მოვიდა, ყოველდღე ახალი მუტაცია გვაქვს, ამიტომ, სჯობს, ჩვენი ორგანიზმი მომზადებული დავახვედროთ, მას ამდენი ბრძოლის უნარიც არ აქვს” – აღნიშნავს ტაბიძე.

 

 

 

არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვაქცინით ხართ სრულად აცრილი, ბუსტერის მიღება აუცილებელია

 

“ბუსტერის ინტერვალზე ვაქცინის ტიპი გავლენას არ ახდენს. მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ ვაქცინაზე ბუსტერ დოზა, პრაქტიკულად, აუცილებელია. ყველა ვაქცინას აქვს მოქმედების თავისი ვადა, რომელიც გასდის და შემდეგ, ადამიანის იმუნიტეტი სუსტდება და ანტისხეულების რაოდენობა იკლებს, აქედან გამომდინარე, ბუსტერი არის გამყარება – გარანტია, რომელიც შეებრძოლება “ომიკრონს”, – აღნიშნავს დევი ტაბიძე.

 

3-6 თვიან ინტერვალში, როდის არის ბუსტერის გაკეთება ეფექტიანი, მათთვის, ვისაც მეორე დოზით აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები განუვითარდა?

 

ეს არის ერთ-ერთი მორიგი შეკითხვა, რომელსაც მოქალაქეების სვამენ. დევი ტაბიძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე კვლევა არ ჩატარებულა:

“ასეთი რამ არავის არც უკვლევია და არც დაუდგენია, ვადები აქაც ჩვეულებრივ სტანდარტულია. მეც ავიცერი, პირველი აცრის შემდეგ მქონდა საკმარისი რეაქცია და, სხვათა შორის, მოხარულიც ვიყავი, რადგან, ასე ვთქვათ, ვაქცინამ კარგად იმუშავა, არ დამირღვევია აცრის ვადები და მეორე დოზის მიღების შემდეგ აბსოლუტურად არანაირი ჩვენება არ მქონია, ოდნავ მტკიოდა მხარი და მქონდა მცირე სისუსტე” – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

 

შესაძლებელია თუ არა ბუსტერის სამთვიანი ინტერვალის კიდევ უფრო შემცირება – დევი ტაბიძის განმარტებით, ეს დაავადებული ადამიანების რაოდენობრივმა მაჩვენებელმა უნდა განსაზღვროს

 

“ბუსტერის გაკეთების ინტერვალზე საბჭოს წევრებს რა მოსაზრება ექნებათ არ ვიცი, მაგრამ ეს არის საერთაშორისო გამოცდილება და ეს გამომდინარეობს რეალური მონაცემებიდან, რომელიც პანდემიის ხარისხს განსაზღვრავს – ანუ დაავადებული ადამიანების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ეს არის მთავარი ინდიკატორი და გასათვალისწინებელი მომენტი, თუ რა რაოდენობის ადამიანი გვეყოლება დასნებოვნებული და რა რაოდენობით გაიზრდება “ომიკრონის” შემთხვევების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში”.

 

 

საქართველოში “ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება – დევი ტაბიძის თქმით, იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში, დღიური შემთხვევების რიცხვი 5000-დან 6 000-მდე მოიმატებს 

10 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად დადასტურებულია “ომიკრონით” ინფიცირების 816 შემთხვევა. დევი ტაბიძე “ფორტუნასთან” აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები რეალურ მონაცემებს არ შეესაბამება.

ტაბიძე ომიკრონის სიმპტომებზე და სამიზნე ჯგუფებზე ამახვილებს ყურადღებას და იმ სცენარზე საუბრობს, რომელიც შესაძლებელია ქვეყანაში განვითარდეს:

” დღეისათვის ოფიციალურად, სულ 816 შემთხვევაა ცნობილი, ეს “ომიკრონით” დასნებოვნებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა არ არის, იმიტომ, რომ ეს რაოდენობა აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც იმყოფებიან ბინაზე, რომლებიც დადიან ქუჩაში – ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული ჩვენებით.

რომ შევამოწმოთ, მინიმუმ, 50 % მაინც იქნება ახალი ვირუსით ინფიცირებული, ამიტომ დღევანდელი კვლევებით და ანალიზით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ტარდება, აქცენტი უკვე გადატანილია “ომიკრონზე”. მთელი მსოფლიო “ომიკრონზე” გადავიდა და ქართველები როგორ ჩამოვრჩებით?!

 

რა სიმპტომები ახასიათებს “ომიკრონის” შტამს

 

ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე და გამონაყარი ბავშვებში – დევი ტაბიძის თქმით, ეს არის ის 4 ძირითადი სიმპტომი, რომლითაც “ომიკრონის” შტამი ხასიათდება.

“ომიკრონი შედარებით სუსტია, მაგრამ არც ისე სახუმარო ვირუსია, რომელმაც შესაძლოა ასევე გართულება გამოიწვიოს.

სტატისტიკური მონაცემებით, საშუალო ასაკი არის, დაახლოებით, 35- 40 წლიდან და ზემოთ არის და მეტი ინტენსივობით სწორედ ამ კატეგორიაში ვრცელდება. ამიტომ, ეს მოსახლეობის ის ძლიერი რაოდენობრივი მასაა, რომლის დაავადებაც, სხვადასხვა თანმხლებ დაავადებებსაც ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ბავშვებშიც არის, მაგრამ ინტენსიურად არის 35-დან ზემოთ ასაკის ადამიანებში.

“ომიკრონი” აერთიანებს ყველა რესპირატორული დაავადებების გამოვლინებას, სხვადასხვა ფორმით. ძირითადი 3-4 კომპონენტია, რომლის შემდეგაც სხვა გამოვლინებებიც იჩენს თავს.

ძირითადია – ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე და ბავშვებში გამონაყარი.

სიმპტომების ხანგრძლივობასა და ინკუბაციის პერიოდს რაც შეეხება, ინკუბაციის პერიოდს ევროპული გამოცდილება გვეუბნება, რომ არის 3-დან 5 დღემდე.

ჯანდაცვის ექსპერტის პროგნოზი ასეთია:

“თვის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში, რაოდენობრივად, სადღაც, მინიმუმ, 5 000-6 000-ზე ავა შემთხვევები. 10 და 20 000 ცოტა მებევრება, 10 000 იქნება ძალიან მაღალი მაჩვენებელი.”მისაღები” კი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის 5 000, 6 000 რომელსაც ჯანდაცვის სისტემაც აიტანს და გაუძლებს”, – აღნიშნავს ტაბიძე.

 

გამყრელიძე: შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და დღიურად 60 000-მდე შემთხვევა გვქონდეს

magti 5g