LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერაციები, რომელთა ჩატარება და რეაბილიტაცია ზაფხულში მარტივია

458
თოდუას კლინიკა

პლასტიკური ოპერაციები ერთნაირი წარმატებით ტარდება როგორც წელიწადის გრილ, ისე ცხელ სეზონზე. თუმცა, რადგანაც ზაფხული დასვენებასთან ასოცირდება, შესაძლოა, ზოგმა თავი შეიკავოს ქირურგიული ჩარევებისგან. არადა ზაფხული სწორედ ის დროა, როცა ყველაზე მეტად გვსურს სხეულის დეფექტების გამოსწორება.

რომელი პროცედურების ჩატარება სჯობს ზაფხულში და რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის პლასტიკურ ქირურგს ნოდარ ბრუნჯაძეს მივმართეთ.

ზოგადად, რომელი პლასტიკური ოპერაციებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი?

სტატისტიკა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც თითქმის ერთნაირია. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციებია მუცლის, ბარძაყისა და სხეულის სხვა ზონების ლიპოსაქცია, აბდომინოპლასტიკა, მამოპლასტიკა და სხვა. თუმცა გენეტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად, საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა ცხვირის პლასტიკაც.

რომელია ის პროცედურები, რომელთა ჩატარებასაც პაციენტებს ზაფხულში ურჩევდით?

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ პლასტიკური ოპერაციის ჩატარებისას სეზონურობას მნიშვნელობა არ აქვს. მეტიც, ზოგი პაციენტისთვის ზაფხულის შვებულება ოცნების ოპერაციასთან ასოცირდება და სწორედ ამ დროს არჩევს პროცედურების ჩატარებას. თუმცა, თუ ზაფხულში აქტიურ დასვენებას გეგმავთ, უმჯობესია, არჩევანი გააკეთოთ ნაკლებტრავმულ, მცირეინვაზიურ პროცედურებზე და თავი შეიკავოთ კომბინირებული ოპერაციებისგან.

ზაფხულში ხშირად ვატარებთ სხეულის კორექციასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორებიცაა ლიპოსაქცია, მამოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, წარბების ლიფტინგი და სხვა. მსგავსი მცირეინვაზიური ოპერაციები არ მოითხოვს დიდ განაკვეთებს, არ საჭიროებს სახლში ყოფნას, წოლით რეჟიმს და ა.შ. პაციენტს მეორე დღესვე ან რამდენიმე დღეში შეუძლია დაუბრუნდეს ჩვეულ ყოველდღიურობას, წავიდეს სამსახურში, დასასვენებლად და ა.შ.

თქვენ მიერ ჩამოთვლილი მცირეინვაზიური ოპერაციების შემთხვევაში, დაახლოებით რა დროს სჭირდება რეაბილიტაციას?

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ პაციენტის ბინაზე გაწერა მალევე ხდება და ის აქტიურ ცხოვრებას უპრობლემოდ უბრუნდება. თუმცა, მაგალითად, ლიპოსაქციების დროს, აუცილებელია, კორსეტის ტარება, დაახლოებით, 4 კვირის განმავლობაში. კორსეტი შემაწუხებელი ან ტკივილის გამომწვევი არ არის. უბრალოდ, სასურველია ამ დროს პაციენტი მოერიდოს სიცხეს, რათა ნაოპერაციები ზონის გადახურებამ დისკომფორტი არ გამოიწვიოს. ამასთან ერთად, აუცილებელია, ნაწიბურები დაცული იყოს მზისგან დამცავი საშუალებით.

და ბოლოს, როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციისთვის?

არსებობს გარკვეული რეკომენდაციები და წესები, რომლებსაც კონკრეტული ოპერაციების შესაბამისად გავცემთ. თუმცა ერთი რამ ყველასთვის საერთოა – მნიშვნელოვანია, პაციენტი დარწმუნებული იყოს საკუთარ გადაწყვეტილებაში და ნამდვილად ჰქონდეს კონკრეტული ჩარევის სამედიცინო ჩვენება, მხოლოდ სურვილი ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი ოპერაციის დასაგეგმად. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დეფექტის გამოსწორება შესაძლებელია და ამგვარ ოპერაციებს შეუძლია მნიშვნელოვნად აამაღლოს თქვენი თავდაჯერებულობა და გააუმჯობესოს თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები