ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერის თეატრს გუშინ, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, მომღერალი ბადრი მაისურაძე წარუდგინა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შექმნილმა დროებითმა სარეკომენდაციო საბჭომ, 27 ოქტომბერს, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და მიხეილ გიორგაძეს ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ბადრი მაისურაძის კანდიდატურა წარუდგინა.
14 ნოემბრიდან კი, ძალაში შევა მიხეილ გიორგაძის 2 ნოემბრის ბრძანება, ბადრი მაისურაძის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვის შესახებ. მაისურაძე ოპერის თეატრს 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ქართველი მომღერალი ბადრი მაისურაძე 1994 წლიდან დღემდე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, 2002 წლიდან კი – გალინა ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის პროფესორია.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მილანსა და მოსკოვში.