„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას და სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლო კლანი ჩადიოდა წინა ხელისუფლების დროს და აგრძელებს 2012 წლიდან დღემდე,“ – ამის შესახებ ოპოზიციის „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ნაცვლიშვილმა პარლამენტში, მოსამართლეების შერჩევის კენჭისყრის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და გიორგი ვაშაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
„ჩვენ დემარშით დავტოვეთ პროცესი, რომელიც არალეგიტიმურია. მთელი მსოფლიო, ვისაც საკითხი ესმის, ამბობს, რომ უნდა შეჩერებულიყო, ჩატარებულიყო აქამდე გატარებული რეფორმების შეფასება, რეფორმის საბოლოო ფაზა და შემდეგ მომხდარიყო ახალი, ჯანსაღი სისტემით განმწესება.
„ქართული ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ აქვს კარგი სისტემა და რომ ოპოზიციას არც ერთი წინადადება თურმე არ წარმოუდგენია, როგორ გახდეს სისტემა უკეთესი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატის განცხადებით „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფრაქციებმა შეიტანეს კანონპროექტი, როგორი უნდა იყოს სასამართლოს რეფორმა, თუმცა მისი განხილვა ორჯერ გადაიდო.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის კანონპროექტი „კლანის“ პირობებშიც კი გახსნიდა დერეფანს საზოგადოებისთვის სანდო, მაღალი რეპუტაციის, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებულიყო სასამართლო“.
„ღმერთმა შეარგოთ კლანური სასამართლო, რომელიც გადმოიბარეს წინა ხელისუფლებისგან“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში კიდევ 4 მოსამართლე უვადოდ დანიშნა, მანამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.