პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გადაცემაში „დღის თემა“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო მიზანს – „არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას“ მიაღწიონ, ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება გვერდზე უნდა გადადონ და გაერთიანდნენ.
მისივე განცხადებით, კარგი იქნება თუ ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან, ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატს წარმოადგენს.
„იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო მიზანი განახორციელონ და არჩევნების გზით ხელისუფლება შეცვალონ, უნდა გაერთიანდნენ. არის გარკვეული დაპირისპირება და შეუთანხმებლობა რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
ნაციონალური მოძრაობის წევრები უკმაყოფილოები არიან რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი შევიდა პარლამენტში, თუმცა აღნიშნული პარტიებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ნაციონალური მოძრაობა მათ არ უერთდებათ. ოპოზიციამ დაპირისპირება გვერდზე უნდა გადადოს, უნდა გაერთიანდნენ, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი უნდა წარმოადგინონ და რაც შეეხება საკრებულოში არჩევნებს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ცალ-ცალკე მიიღონ პროპორციული არჩევნების ფარგლებში მონაწილეობა. მაგრამ, რიგ შემთხვევაში, სადაც აირჩევა პირდაპირი წესით მერები, იქ მე ასე მგონია, რომ ოპოზიციური სპექტრი უნდა შეთანხმდეს, საერთო კანდიდატებზე. ეს უკავშირდება ყველა იმ მუნიციპალიტეტს, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ ფორტუნას გადაცემაში „დღის თემა“.