„ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სადეპუტატო მანდატის, ნაწილის მხრიდან კი პარლამენტის დატოვება; საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ასევე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული შეფასებები „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე – დღის მთავარ მოვლენებზე გადაცემაში „დღის თემა“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, „ოპოზიციაში ახლა საკმაოდ დიდი დაბნეულობაა, რადგან ის გეგმა, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით „იშლება“. ის ასევე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი შეასრულა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ორმხრივია, ნაციონალურმა მოძრაობამ მას ხელი არ მოაწერა და რადგან „მეორე მხარე არ მოდის ხელშეკრულების სულისკვეთებასთან, ქართული ოცნება აღარ არის ვალდებული, ეს ხელშეკრულება ჰქონდეს სამოქმედო გეგმად“.
ქადაგიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება ყველა ნაბიჯს დგამს, რაც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გადადგას, მაგრამ მეორე მხარე, ვისთვისაც ეს შეთანხმება შედგა, არ იღებს პასუხისმგებლობას და იტოვებს უფლებას ქვეყანაში დესტრუქცია დაამკვიდროს“.
„ეს გადაწყვეტილება დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგად მივიღეთ, რომელიც კონკრეტულ მოცემულობებს ეფუძნება. ამ შეთანხმების მიზანი იყო, რომ ოპოზიცია და პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა გამხდარიყო ამ ხელშეკრულების მონაწილე და გაეზიარებინა ის სულისკვეთება, რომელიც ამ ხელშეკრულებაში იყო ჩადებული.
თუ რამე ვალდებულება ასაღები იყო, ამ ვალდებულებას იღებდა და თმობდა ქართული ოცნება. ოპოზიციის ვალდებულება იყო, რომ შემოსულიყო პარლამენტში და ყოფილიყვნენ კონსტრუქციულები. მათ ეს არ გააკეთეს და ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს. დღესაც დაწერილი აქვთ, რომ პარლამენტის მუშაობას უცხადებენ ბოიკოტს და თუ შემოდიან ხოლმე,შემოდიან იმისთვის, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოაწყონ აბსოლუტური დესტრუქცია.
აქედან გამომდინარე ყოველგვარ აზრს კარგავდა ასეთ შეთანხმებაში ყოფნა. ჩვენ ვიღებთ ყველა იმ კანონს, რომელიც ამ ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ნაციონალური მოძრაობა კი არცერთი კანონის შემუშავებაში და არც კენჭისყრაში არ იღებს მონაწილეობას. ნაციონალური მოძრაობა ემზადებოდა იმისათვის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაეწყოთ ობსტრუქცია, „ქვეყნის ჯანჯღარი“, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა.
ქართული ოცნება ყველა ნაბიჯს დგამს, რაც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გადადგას, მაგრამ მეორე მხარე, ვისთვისაც ეს შეთანხმება შედგა, არ იღებს პასუხისმგებლობას და იტოვებს უფლებას ქვეყანაში დესტრუქცია დაამკვიდროს.
რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო რეაქციას, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ყველამ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოექცეს. არ შეიძლება, რომ ჩვენ ამ წაყრუებით, მუდმივად ვახალისებდეთ ქვეყანაში ე.წ. ოპოზიციისაგან აბსოლუტურ დესტრუქციულ დღის წესრიგს.
ჩვენი პოზიცია ასეთია – თუ არ მოდის მეორე მხარე ხელშეკრულების სულისკვეთებასთან, ჩვენ აღარ ვართ ვალდებული, რომ ეს ხელშეკრულება იყოს სამოქმედო გეგმა. ხელშეკრულებაში ჩაწერილი ყველა პუნქტი ქართულმა ოცნებამ უკვე საკანონმდებლო დონზე ასახა და შეასრულა.
საერთაშორისო პარტნიორები არამხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ ნაციონალურ მოძრაობასაც აკრიტიკებენ.
ჩვენ გვაქვს, ყველა შესაძლებლობა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს შეხვდეთ, ეს დღე დაგვანახებს ხალხის განწყობას ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ.
ოპოზიციაში ახლა საკმაოდ დიდი დაბნეულობაა, რადგან ის გეგმა, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით „იშლება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.