ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია დღეს აღარ გაიმართება. როგორც ოპოზიციის შტაბში განმარტეს, ამის მიზეზი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრებია.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრაა დანიშნული და ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას ინაუგურაციის დღეს განვითარებულ მოვლენებზე მიაწვდის ინფორმაციას.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ კანონი დაარღვია და ამის შესახებ უცხოელ პარტნიორების ინფორმირებას აპირებენ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკვე გაიმართა ერთი შეხვედრა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან. გიორგი ვაშაძე ასევე ამბობს, რომ ელოდება, დავით კირკიტაძის მსგავსად, მისი და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერების დაკავებას.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” 17 დეკემბერს პერმანენტული აქციები დააანონსა, თუმცა ლიდერებს არ უთქვამთ სად და როდის გაიმართება აქციები.
შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციები გაიმართა. ისინი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებდნენ.