LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციური ბანაკი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ეს მათივე განცხადებებში ჩანს: არჩილ თალაკვაძე

181
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციური ბანაკი ორ ნაწილადაა გაყოფილი. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს არის რადიკალური  და კონსტრუქციული, ჯანსაღი ოპოზიცია.” მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მოლაპარაკების პროცესმა გამოაჩინა და  ამ მოსაზრებას მხოლოდ მმართველი გუნდი კი არა, თავად ოპოზიციაც იზიარებს, რაც მათივე განცხადებებიდანაც ჩანს.

„ეს იმ განცხადებებში გამოჩნდა, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი, მეორეს ადანაშაულებდა, როცა მოლაპარაკებების ჩაშლა და ბლოკირება უნდა მომხდარიყო, როცა ადგილი ჰქონდა მუქარებს და ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი გახლავთ, თუ როგორი თავდასხმები მოხდა ალექსანდრე ელისაშვილთან და თუნდაც, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში,“ – განაცხადა არჩილ თალკვაძემ.

მისი თქმით, ეს აჩვენებს თუ როგორია რეალურად დემოკრატიის ხარისხი ოპოზიციის შიგნით – ისინი განსხვავებულ აზრს უმკლავდებიან ყველაზე არაცივილიზებული მეთოდებით: ზეწოლით, შეურაცხყოფით და ამ აზრის დახშობის მცდელობებით.

„ეს მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ და ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება. ეს გვახსენებს იმას, თუ როგორ იქცეოდა რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს და გვახსენებს იმ ყველაფერს, თუ რატომ არ აძლევს საზოგადოება ხმას ამ ხალხის დაბრუნებას ხელისუფლებაში,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თალაკვაძის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ არჩევნებით გამარჯვებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ ისინი ცდილობდნენ ჩაეშალათ მოლაპარაკებები, აეყირავებინათ მოლაპარაკების მაგიდა, თავს დასხმოდნენ არჩევნების შედეგებსაც.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება  ოპოზიციის პარლამენტში შესვლა იქნება. რაც შეეხება მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მას ამასთან დაკავშირებით, თავისი ჩამოყალიბებული მოსაზრება გააჩნია და მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.

„მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, 2 თებერვალს ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. ერთადერთი, რაშიც მინდა დღესვე დაგარწმუნოთ ისაა, რომ მმართველი გუნდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებში,”- განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g