LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ოქროს პალმის რტო” საშინელებათა ჟანრის ფილმმა მოიგო – კანის კინოფესტივალის მთავარი ფილმები

254
cannes

2021 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, კანის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ფრანგი რეჟისორის, ჟულია დიუკურნოს საშინელებათა ჟანრის ფილმის, „ტიტანის“ ტრიუმფით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დიუკურნო კანის ფესტივალის ისტორიაში მეორე ქალი რეჟისორია, რომელსაც „ოქროს პალმის რტო“ გადაეცა. პირველად ეს პატივი ჯეინ კემპიონს 1993 წელს, ფილმისათვის „პიანინო“ ხვდა წილად.

ოქროს პალმის რტო – „ტიტანი“

დიუკურნოს თრილერი „ტიტანი“ საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს აგატ რასელი, ვენსან ლენდონი და გარანს მარილიე ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი მარტოხელა მამის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ათი წლის წინ გაუჩინარებულ შვილს აუხსნელი დანაშაულებათა სერიის შემდეგ პოულობს. აღსანიშნავია, რომ დიუკორნომ სახელი თავისი სადებიუტო ჰორორით – „უმი“ 2016 წელს გაითქვა – ფილმი სავსე იყო კანიბალიზმის ელემენტებით, თუმცა „ტიტანი“ მაყურებლისთვის კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. კულუარული წყაროების ცნობით, ფილმის ჩვენებისას ათობით მაყურებელი ცუდად გახდა…

კანის ფესტივალის გრან-პრი: „გმირი“ და „განყოფილება N6”

ჟიურის მიერ დაწესებული ფესტივალის გრან-პრი წილად ხვდა ორ ფილმს: ასღარ ფარჰადის ირანულ დრამას „გმირი“ და ფინელი რეჟისორის, იუჰო კუოსმანენის საერთაშორისო სურათს სათაურად „განყოფილება  N6“.

განყოფილება  N6“ რუსულ-ფინური დრამაა, რომელიც როზა ლიკსომის 2011 წლის ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება. ორი ერთმანეთისათვის უცხო ადამიანის საინტერესო თავგადასავალი მატარებელში იწყება, სად გატარებული დროც სრულიად ცვლის მათ წარმოდგენას და შეხედულებებს ცხოვრებაზე…

ასღარ ფარჰადის ირანული დრამის, “გმირის“ სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა კაცი, სახელად რაჰიმია, რომელიც ვალის გადაუხდელობის გამო ციხეში მოხვდა. რაჰიმს ორი დღით ციხიდან უშვებენ, რა დროსაც ის იმ ადამიანს აკითხავს, ვისი ვალიც აქვს და საერთო თანხის შემცირებას სთხოვს. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი იყო…

ჟიურის პრიზი: „აჰედის მუხლი“ და „ხსოვნა“

ჟიურის პრიზი ისრაელელი რეჟისორის, ნადავ ლაპიდის ფილმს „აჰედის მუხლი“ და ტაიელი რეჟისორის, აპიჩატპონგა ვირასეტალულას „ხსოვნას“ ერგო. უნდა ითქვას, რომ ვირასეტალულა 2010 წელს „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი გახდა ფილმისთვის „ძია ბუნმი, რომელსაც თავისი წინა ცხოვრებები ახსოვს“.

„ხსოვნა“ – ფილმის მთავარი გმირი შოტლანდიელი ქალია, რომელსაც კოლუმბიაში მოგზაურობისას მოულოდნელი ხმები ჩაესმის. ქალი გადაწყვეტს მათი წარმოშობის წყარო იპოვოს… ფილმში მთავარ როლს ტილდა სვინტონი ასრულებს…

„აჰედის მუხლი“ – ებრაულ-ფრანგული დრამა ცნობილი რეჟისორის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ახალი ფილმის გადაღებას პალესტინელ თინეიჯერზე, აჰედ ტემიმიზე გეგმავს. აჰედმა კამერების წინ ებრაელ ჯარისკაცს სილა გააწნა, რის გამოც დააპატიმრეს…ისრაელის ერთ-ერთი მოქალაქე ტვიტავს იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე შესაფერისი სასჯელი მუხლში სროლა იქნებოდა…

mazda magti 5g