დღეს, 19 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 5:00 საათზე თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. 19 წლის ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის რევი დემეტრაშვილია. რევი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელიც გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილე ლელა ფიცხელაური Ambebi.ge-ს რევი დემეტრაშვილზე ესაუბრა:
“რევი ბრწყინვალე ბიჭი იყო, ბრწყინვალე… დილიდან შეძრულები ვართ და განადგურებულები. რევი ოქროსმედალოსანი იყო, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლე, ულამაზესი, უჭკვიანესი, იმდენად მოწესრიგებული და ზრდილობიანი იყო, ვერ აღგიწერთ.
თვითონ ვასწავლიდი მე-11 კლასში და ეს იმხელა შოკია, გონზე ვერ მოვსულვარ. რევი მაქსიმალისტი იყო, იცოდა რამდენიმე ენა – ინგლისური ბრწყინვალედ, გერმანულსაც სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაში ბრწყინვალე იყო და არაჩვეულებრივი შედეგები ჰქონდა, ასევე, ძალიან კარგი იყო ჰუმანიტარულ საგნებში, ის ერთიანად არაჩვეულებრივი მოსწავლე იყო.“. – ამბობს ლელა ფიცხელაური.
ცნობისთვის, მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა.