“ორი ადამიანის პარლამენტში შესვლა პრობლემებს ვერ გადაჭრის. ცხადია, ხელისუფლების ამოცანა ამით არ არის გადაწყვეტილი”, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტია „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლას და მმართველ პარტიასთან გაფორმებულ შეთანხმებას.
როგორც მან “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “დღის თემაში” განმარტა, “მოქალაქეების” გადაწყვეტილება სისტემურად ბევრს არაფერს შეცვლის.
“სისტემურად ეს ბევრს არაფერს ცვლის, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ორ ძირითად ამოცანას ისახავს მიზნად. მრავალპარტიულობის იმიტაციის შექმნა და მეორე ტექნიკური პრობლემებია, რაც პარლამენტის ლეგიტიმურობას და უფლებამოსილების სრულად განხორციელებას ეხება, შესაბამისად ხელისუფლებისთვის დღევანდელი ფაქტი მაინცდამაინც საინტერესო არ უნდა იყოს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თუ “ოცნება” გადაგვაგდებს პარლამენტიდან გამოვალთ: ლევან იოსელიანი
მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმად, უმრავლესობასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის და საპარლამენტო უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება, ხუხაშვილი პასუხობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული პირობები ოპოზიციას არ დააკმაყოფილებს.
ექსპერტი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სხვა პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ, შესაძლოა მათი მხრიდან პირობები კიდევ უფრო გაფართოვდეს.
როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, ერთადერთი გზა, რასაც ოპოზიცია უნდა გაუფრთხილდეს ერთიანობის შენარჩუნებაა.
ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შემადგენლობაა. ვიღაცას ქუჩაში დარჩენა ურჩევნია და ვიღაცას პარლამენტში შესვლა, მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ერთადერთი, რაც მათ გააჩნიათ ერთიანობაა. როგორც კი ეს დაირღვევა ხელისუფლება შიგნით მოგუდავს და ეს ემუქრება ელისაშვილსაც. ვინც გარეთ დარჩება, გარეთ მოგუდავს. ამიტომ ოპოზიცია უფრთხილდება ერთადერთ აქტივს, ერთიანობას.
არ გამოვრიცხავ, რომ ეს ერთიანობა დაირღვეს. საპარლამენტო მუშაობითაც შეიძლება რიგგარეშე არჩევნების ინიცირიება, მე ამის მომხრე ვარ. არ არის აუცილებელი ეს ყველაფერი გაკეთდეს ქუჩიდან, მითუმეტეს, რომ ქუჩა მაღალ სახელმწიფოებრივ რისკებს უკავშირდება”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც უმრავლესობასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა
შეგახსენებთ, “მოქალაქეები” პოლიტიკურ საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებენ. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში მმართველ გუნდთან შეხვედრაზე მივიდნენ, შეხვედრის შემდეგ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. საბოლოო შეთანხმების შედეგად მათ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც 14 ძირითადი პუნქტისგან შედგება.
