საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქალაქ შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენის (China International Import Expo) ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სურსათის, ადგილობრივი და ცხოველური პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ცაო დეჟონგს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს და რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.
„ვიმედოვნებთ, რომ ქართული ღვინო, რომლის უკანაც 8000-წლიანი ისტორია დგას, ჩინეთის ბაზარზე თავს დაიმკვიდრებს როგორც კონკურენტუნარიანი, პრემიუმ სეგმენტის პროდუქცია. ღვინო ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც ჩინეთისთვის – ჩაი. ეს კონკრეტული პროდუქტები განიხილება არა მხოლოდ როგორც საექსპორტო პროდუქტი, არამედ როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც ჩინეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, პალატის საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება და მომსახურება ისეთ პროდუქტებთან მიმართებით, როგორებიცაა: მარცვლეული, სურსათი, ცოცხალი ცხოველები, ცხოველური პროდუქტები, ბოსტნეული, ღვინო და სხვა სასმელები.
„მჯერა, რომ გამოფენაზე ქართული ღვინის წარმოდგენით, პოპულარიზაციის ხელშემწყობი სხვადასხვა აქტივობისა და ჩვენი ქართულ მხარესთან დაგეგმილი თანამშრომლობის საშუალებით, ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები ჩინელ მომხმარებლებში პოპულარობით ისარგებლებს, ჩინურ ბაზარზე გაიზრდება ქართული პროდუქტების რაოდენობა. საქართველოს დელეგაციას შანხაიში წარმატებულ ვიზიტს ვუსურვებ, ქართულ პროდუქტს კი ჩინეთში მეტ პოპულარობას“, – განაცხადა ცაო დეჟონგმა.