“გიგა ოთხოზორია არის ოკუპაციის სისასტიკის და უსამართლობის მსხვერპლი, რამაც არაერთი ჩვენი სხვა გმირი შეიწირა.” – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მაშინ განაცხადა, როცა საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საფლავზე, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად მივიდა.
როგორც თეა ახვლედიანმა განაცხადა, მსგავსი განუკითხაობა და გიგა ოთხოზორიას, ისევე როგორც ტატუნაშვილის, ბაშარულის და კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირების ამ დრომდე დაუსჯელობა ყოვლად მიუღებელია:
“დღეს ხუთი წელი შესრულდა გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობიდან, რაც თითოეული ჩვენგანისა და სრულიად საქართველოს ტრაგედიაა. გიგა არის ოკუპაციის სისასტიკის და უსამართლობის მსხვერპლი, რამაც არაერთი ჩვენი სხვა გმირი შეიწირა. ყოვლად მიუღებელია მსგავსი განუკითხაობა და გიგას, ისევე როგორც ტატუნაშვილის, ბაშარულის და კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირების ამ დრომდე დაუსჯელობა.
საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას, რომლის დასრულებისთვის, ისევე როგორც ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფისთვის, ნამდვილად სრული შემართებით და ძალისხმევით ვაგრძელებთ მუშაობას.” – განაცხადა მინისტრმა.
ახვლედიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობასა და ბერკეტს, რათა მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. მისივე თქმით, მკვლელს დაუსწრებლად სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მინისტრმა გიგა ოთხოზორიას დედას, მეუღლეს და შვილებს მიუსამძიმრა და უთხრა, რომ სახელმწიფო საკუთარ გმირებს არასდროს დაივიწყებს.
შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 5 წელი გავიდა. 30 წლის ოთხოზორია ხურჩაში 2017 წლის 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს.