LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე: “ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია”

100

“ჩემი სურვილი ნამვილად არ არის რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის,” – ამის შესახებ მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელ ყრილობაზე მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ისინი მოდიან ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია.

“ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური ვიდრე წინა მთავრობები. ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები. მე მწამს, რომ ეს მნიშვნელოვანი წუთებია თითოეული ჩვენგანის ისტორიაში, რადგან დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს მიძინებულ საქართველოს. რადგან დღეს იბადება ძალა, რომელიც არა შუღლით, მტრობით და ერთმანეთის შეურაცხყოფით, არამედ სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით შექმნის ახალ სახელმწიფოს. სახელმწიფოს-ხალხისათვის!” – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, მოძრაობას აქვს გეგმა, რომელიც გამოასწორებს “ქვეყნის მთავარ პრობლემას, უმუშევრობას და მძიმე სოციალურ-ეკონომიურ ვითარებას.”

“ჩვენ გვაქვს გეგმა სწრაფი ეკონომიური ზრდის მისაღწევად, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად ჩვენ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ რამდენიმე გიგანტურ პროექტს. დამატებით განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მცირე ბიზნეს პროექტებზე. მაქსიმალური თავისუფლება და ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს მეწარმეობას. სწორედ ეს იქნება სახელმწიფო და სახელმწიფო ვისთვის? – ხალხისთვის. გვაქვს გეგმა როგორ დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლე. მიტოვებულ და დაცარიელებულ მთიან რაიონებში ცხოვრებას აზრი უნდა მივცეთ. არ შეიძლება სოფელში თითქმის ყველა ადამიანი ელოდებოდეს როდის მიაღწევს მისი ოჯახის ერთი წევრი მაინც საპენსიო ასაკს, რომ ამ პენსიით არჩინოს ოჯახი. ამაზე ვინ უნდა იზრუნოს? – სახელმწიფომ და ამიტომაც გვინდა სახელმწიფო ხალხისათვის.” – აღნიშნა ბურჭულაძემ.

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერად პაატა ბურჭულაძე აირჩიეს. პაატა ბურჭულაძე მოძრაობის ლიდერად „სახელმწიფო ხალხისათვის“ რეგიონული წარმომადგენლების ხელმძღვანელებმა დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები