ექიმი ენდოკრინოლოგი, სალომე ფანჩვიძე სოციალურ ქსელში პაციენტების მხრიდან, ხშირად დასმულ კითხვას პასუხობს.
ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ პაციენტები წონის მატების და კლების გაძნელების გამო, ხშირად სთხოვენ კორტიზოლის ანალიზის ჩატარებას.
მისი განმარტებით, ამ მიზეზით კორტიზოლის ვენური ანალიზი აბსოლუტურად არაფრის მომცემია:
„კორტიზოლის ანალიზს არ ჩამიტარებთ სალომე ექიმო?
ჩემი საყვარელი პაციენტები ხშირად მთხოვენ, კორტიზოლის ანალიზის ჩატარებას წონის მატების(განსაკუთრებით მუცლის მიდამოზე) და კლების გაძნელების გამო!
თუმცა, ამ მიზეზით კორტიზოლის ვენური ანალიზი აბსოლუტურად არაფრის მომცემია.
მოდით გავარკვიოთ რეალურად რატომ არ ღირს ვენური სისხლიდან კორტიზოლის ანალიზის ჩატარება.
კორტიზოლი არის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში გამომუშავებული ჰორმონი, რომელსაც ხშირად „სტრესის ჰორმონს“ უწოდებენ. თუმცა მისი ფუნქცია მხოლოდ სტრესთან დაკავშირებული არ არის.
რას აკეთებს კორტიზოლი?
ეხმარება ორგანიზმს სტრესთან ადაპტაციაში
ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, როცა ორგანიზმს ენერგია სჭირდება
მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულაციაში
გავლენას ახდენს ანთებით და იმუნურ პროცესებზე
მონაწილეობს ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში
დაკავშირებულია ძილ-ღვიძილის ციკლთან
კორტიზოლის დონე ბუნებრივად იცვლება დღის განმავლობაში: ჩვეულებრივ ყველაზე მაღალია დილით და თანდათან მცირდება საღამოსკენ.
რეალურად, კორტიზოლის ანალიზის ჩატარება საჭირო ხდება, ისეთი იშვიათი და რთული დაავადების დიაგნოსტირებისთვის როგორიცაა:
კუშინგის სინდრომი.
თუმცა, მისი დიაგნოსტირება ვენური კორტიზოლის ანალიზით არ ხდება და აუცილებლად ვისაუბრებ აღნიშნულ დაავადებაზეც.
დამიწერეთ კომენტარებში. თქვენ თუ ჩაგიტარებიათ კორტიზოლის ანალიზი?“- წერს ენდიკრინოლოგი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით ექიმმა კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა სადაც დაწერა, რომ კორტიზოლის შესახებ მისმა პოსტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ექიმმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „ნებისმიერი სახის სიმსუქნის დროს კორტიზოლის ანალიზის ჩატარება არაა სააჭირო“:
„კორტიზოლის შესახებ ჩემმა პოსტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძვირფასო პაციენტებო, გამომწერებო, მე, არსად დამიწერია რომ კორტიზოლის ანალიზი არ უნდა ჩატარდეს, ვენურ კორტიზოლსაც აქვს თავისი ადგილი კვლევებში, თუმცა, მასიურად გაჩნდა აზრი სოციალურ ქსელებში რომ ნებისმიერი სახის სიმსუქნის დროს კორტიზოლის ანალიზი უნდა ჩატარდეს და თან ვენური გლუკოზით,რომელიც ნებისმიერმა ემოციურმა თუ ფიზიკურმა სტრესმა შეიძლება შეცვალოს, უმორჩილესად გთხოვთ, უფრო მეტი დაკვირვებით წაიკითხეთ ინფორმაცია რასაც ექიმები გაწვდით. კიდევ ერთხელ გეტყვით, ნებისმიერი სახის სიმსუქნის დროს კორტიზოლის ანალიზის ჩატარება არაა სააჭირო!ზრუნვით, თქვენი სალომე ექიმი“, – დაწერა ენდოკრინოლოგმა.
