LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაციენტთა უსაფრთხოება საქართველოში – რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება პაციენტებისთვის უსაფრთხო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გახდეს: მამუკა ჩხაიძე და ლელა სტურუა გადაცემაში „პულსი“

450
ლელა-სტურუა-&-მამუკა-ჩხაიძე

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას, „პულსი“ თბილისის სამედიცინო აკადემიის ვიცე-რექტორი, პროფესორი, მამუკა ჩხაიძე და მედიცინის მაგისტრი, ხარისხის მართვის სპეციალისტი, ლელა სტურუა სტუმრობდნენ. სტუმრებმა გადაცემაში პაციენტთა უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.

ქალბატონო ლელა, მოდით განვმარტოთ, რას გულისხმობს თავის თავში ტერმინიპაციენტთა უსაფრთხოება“, რას მოიცავს კომპლექსურად და რისთვის არის მნიშვნელოვანი?

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პაციენტის უსაფრთხოებაზე ჯანდაცვის სფეროში. პაციენტის უსაფრთხოების მოკლე განმარტება ჯანმოს მიხედვით ეს არის ყველა შესაძლო, პრევნცირებადი, არა უსაფრთხო მოვლენის პრევენცია. ის რისი პრევენციაც შესაძლებელია. მაგალითად, ჰოსპიტალურ სექტორში შესაძლებელია გართულებების, სამედიცინო შეცდომების პრევენცია და მათი დაახლოებით 55-60 % – ის თავიდან აცილება. თუ გვექნება შექმნილი ისეთი სისტემა, რომელიც გაწაფულია სამედიცინო შეცდომების, გართულებების და არასასიამოვნო მოვლენების  პრევენციაზე. რაც შეეხება ამბულატორიულ სექტორს,  ციფრი კიდევ უფრო მაღალია და 80-95 %-ს უტოლდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის თუ რამდენი შეცდომისა თუ არასასიამოვნო მოვლენის პრევენცია შეგვიძლია ჩვენ.

ბატონო მამუკა, საინტერესოა ზოგადად სტატისტიკური მონაცემები, გვაქვს თუ არა პრობლემის აქტუალიზაცია მსოფლიო მასშტაბით და ქართულ რეალობაში რამდენად აქტუალურია პრობლემა, რას გვეუბნება ეს ციფრები ქართულ რეალობაში?

პრობლემა ძალიან აქტუალურია, რადგან კლინიკური ხარისხი პირველ რიგში ეფუძნება პაციენტის უსაფრთხოებას, შესაბამისად პაციენტის უსაფრთხოება მთელს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა. ჩვენთან ეს ჯერ საწყის ეტაპზეა, შესაბამისად საქართველოში სამწუხაროდ ჯერ სტატისტიკა არ წარმოებს. ეს ძირითადად უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებულად, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და სამინისტროს მიერ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სისტემა აეწყობა და ალბათ ეს კონფერენციაც, შეუწყობს ხელს ამის პოპულარიზაციას. ზოგადად მსოფლიოში პაციენტის უსაფრთხოება ძალიან აქტუალური, მრავალშრეობრივი და მულტიდისციპლინური პრობლემაა. შესაბამისად, იდეალური მდგომარეობა მსოფლიოში არ არის რადგან, პაციენტის უსაფრთხოებას ემუქრება როგორც სისტემური პრობლემები, ასევე ინდივიდუალური (ადამიანური) ფაქტორი. შესაბამისად ორივე მოწყვლადია, რადგან თავად ჯანდაცვის სფეროა ძალიან სენსიტიური, შესაბამისად, პრობლემა სერიოზულია.

ბატონო მამუკა, კონფრენცია ახსენეთ, რომელიც სამედიცინო აკადემიის მიერ სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა და ალბათ ამ ღონისძიების ჩატარებაც ერთგვარი ინსპირატორი იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის. რამ განაპირობა აქტუალობა და აუცილებლობა ასეთი ტიპის ღონისძიების ჩატარების, ვინ ესწრებოდა, ვინ იყო სამიზნე აუდიტორია და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის აქტივობების ჩატარება პრობლემის პოპულარიზაციისა და აქტუალიზაციისთვის?

მოხარული ვართ, რომ პირველი ასეთი კონფერენცია ჩატარდა თბილისის სამედიცინო აკადემიის ეგიდით და ორგანიზებით. ჩვენი სამედიცინო სასწავლებელი არის ერთ-ერთი იმ სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის საქართველოში, ვისაც პრედიპლომურ განათლებაში სავალდებულო საგნად აქვს ჩადებული პაციენტის უსაფრთხოება. შესაბამისად ეს ჩვენთვის უკვე აღიარებული პრიორიტეტია. მეც და ქალბატონ ლელასაც ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს პაციენტის უსაფრთხოებისა და კლინიკური ხარისხის გაუმჯობესებაში. შესაბამისად ეს ყველაფერი იყო ის ფაქტორი, რამაც განაპირობა ჩვენი მხრიდან ინიციატივა ამ კონფერენციის ჩატარების. სამიზნე პოპულაცია გახლდათ ექიმები, ჯანდაცვის მენეჯერები – კლინიკური და გენერალური დირექტორები, ხარისხის მართვის სპეციალისტები, ჩვეულებრივი ექიმები, რომლებიც ე.წ-ლი ფრონტის ხაზზე არიან და პირველ რიგში მათზე გადის პაციენტის უსაფრთხოება.

ქალბატონო ლელა, რომ გვითხრათ რას მოიცავს ძირითადად თავის თავში პაციენტის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა პრობლემა ძალიან ღრმაა, საკითხი ძალიან ვრცელია, მაგრამ ძალიან ზოგადად ჩვენი მსმენელის გასაგებად გვითხარით, რას მოიცავს თავის თავში პაციენტის უსაფრთხოება და რატომ არის აუცილებელი მისი გათვალისწინება სწორედ კლინიკური მენეჯერებისა და ჯანდაცვის ორგანიზატორებისთვის?

პრობლემა ძალიან მრავალ ფაქტორულია, მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ ჩვენ თუ ვსაუბრობთ კლინიკურ და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, 6 მაჩვენებლიდან პირველი არის პაციენტის უსაფრთხოება. არსებობს პაციენტის უსაფრთხოების 6 მანიშნებელი და მსოფლიო შეთანხმდა, რომ თუ ეს 6 პუნქტი სრულდება სისტემის მიერ, მაშინ პაციენტის უსაფრთხოება და კლინიკური ეფექტურობა (გამოსავალი) ბევრად უკეთესია. პაციენტის უსაფრთხოება ეს არის იმ შეცდომების და გართულებების პრევენცია, რომლის თავიდან არიდებაც შეიძლება. ეს ეხება უშუალოდ მედიკამენტოზურ შეცდომებს, რაც ყველაზე ხშირია. მაგალითად არასწორი მედიკამენტი, რომელიც გაიცა პაციენტზე არასწორი დოზით და რეჟიმით, გადაჭარბებული დანიშნულებები. მეორეა პაციენტის უსაფრთხოება ანესთეზიური ქირურგიული ჩარევების შემთხვევაში, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხო ანესთეზია, უსაფრთხო ქირურგიული ჩარევა, უსაფრთხო გარემო, ასევე პაციენტების ვარდნის პრევენცია, რაც საკმაოდ ხშირია. ისეთი მარტივი პროცედურა როგორიცაა მორეცხვის შემდეგ იატაკის გამშრალება, ამან შესაძლოა პრევენცია გაუკეთოს დიდ გართულებებს. როცა მოწყვლადი პაციენტი შემოდის კლინიკაში და დაეცემა იმიტომ, რომ დაუცურდება ფეხი – ანუ ეს იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მარტივია დიდი ნაწილი იმ დიდი გართულებებისა, რაც შეგვიძლია, რომ პაციენტს ავაცილოთ თვიდან. პაციენტის უსაფრთხოების ძალიან დიდი ნაწილი დამყარებულია ელემენტარული ნორმების დაცვაზე და მათი უგულებელყოფა, ზოგჯერ გვაძლევს გამოუსწორებელ გართულებებსაც კი.

ბატონო მამუკა, ხარჯთეფექტურობის ნიშნით, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ხაზგასასმელია პაციენტის უსაფრთხოების ფაქტორზე საუბარი, რამდენად ხარჯთეფექტურია, რამდენად ზოგავს ის თანხებს, რამდენად ეკონომიურია ჰოსპიტალური სექტორისთვის?

უაღრესად აქტუალური და ეფექტურია ჩადებული ინვესტიციები პაციენტის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის ინფრასტრუქტურული, აპარატურული მედიკამენტური და ადამიანურ რესურსებში. ეს წაუგებელი თამაშია, რადგან პაციენტის უსაფრთხოება იძლევა უკეთეს გამოსავალს ნაკლები ხარჯებით. შესაძლოა ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ დიდი ინვესტიცია იმ თემებში, რომელიც პაციენტის უსაფრთხოებას ემსახურება, იყოს მძიმე ფინანსური ტვირთი, მაგრამ დამიჯერეთ, ჩემი გამოცდილებით არც ერთ დაწესებულებას საქართველოში არ წაუგია, თუ მას დიდი ინვესტიცია გაუკეთებია პაციენტის უსაფრთხოებისთვის – პირიქით.

ქალბატონო ლელა, ხარჯთეფექტურობა და მართვა ვახსენეთ ამ პრობლემისამ ყველაფერს რამდენად უწყობს ხელს ცნობადობის ამაღლება და ინფორმირება. ზოგადად სამედიცინო საზოგადოებაში მაქსიმალური აქტივობა ინფორმაციის გაზრდის მიმართულებით. იგივე თქვენი კონფერენცია რამდენად უწყობდა ხელს ცნობადობას?

ინფორმირებული საზოგადოება ყოველთვის და ყველა საკითხზე კარგია. რაც შეეხება სამედიცინო სფეროს და პაციენტის უსაფრთხოებას, აქ პირველ რიგში ინფორმირებულობა და სიღრმისეული ცოდნა ევალება ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს. დაწყებული ექთნებიდან, დამთავრებული ყველაზე მაღალი ტოპმენეჯმენტის ჩათვლით. საქმე ისაა, რომ ტოპმენეჯმენტი ჩვენთან ამ ცოდნას არ ფლობს და მნიშვნელობასაც ვერ ხედავს. ამ პრობლემის აქტუალიზაცია ქვეყნის მასშტაბით არ არის იმ პიკზე ასული, რაც შექმნის ამ ცოდნის რეალურ მოთხოვნილებას და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაში რეპორტინგის სისტემა, რომელიც იტყვის, რომ საქართველოში მაგალითად მოხდა ამდენი სამედიცინო შეცდომა, არშემდგარი გადაცდომა, გართულება და ასე შემდეგ. რადგან რეპორტინგი აუცილებელი არ არის, ის საერთოდ არ არის აქტუალური. აქედან გამომდინარე პრობლემა არ დევს ზედაპირზე და ჩვენ მას უბრალოდ ვერ ვხედავთ. ტოპმენეჯმენტი დარწმუნებულია იმაში, რომ ეს არის კლინიცისტების საქმე, მაგრამ კლინიცისტები არ არიან გადაწყვეტილების მიმღებნი და სწორედ აქედან იქმნება ეს მანკიერი წრე, რომლიდანაც ვერ გამოვდივართ.

ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ არის თუ არა ამ მანკიერი წრის გარღვევის პერსპექტივა და როგორ ხედავთ ამ გზას, რა შეიძლება გაკეთდეს უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში? ეს ბუნებრივია, არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, თუმცა ძალიან მწვავედ და აქტუალურად დგას საქართველოში ბევრი მიზეზის გამოარის თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლე?

ისეთ საკითხზე, როგორიც არის პაციენტის უსაფრთხოება, არ შეიძლება გაჩერება და ხელების ჩამოყრა. ეს უნდა გადაწყდეს სისტემურად. მე მივესალმები საერთაშორისო აკრედიტაციის შემოღებას ქართულ ჰოსპიტალურ სექტორში, რათა ამან მინიმუმ ინფრასტრუქტურა გააუმჯობესოს. ისეთი სერიოზული აკრედიტაციები, როგორიც იყო „ჯეი სი აი“ და „ეი ეი სი აი“, რომელმა ჰოსპიტლებმაც აიღეს ეს აკრედიტაცია, მე თავადაც ვიყავი მონაწილე, რომ ნამდვილად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. ვენტილაცია, ინფექციის კონტროლი და ეს ძალიან დიდი პლუსია. უნდა გაგრძელდეს დაუგეგმავი ვიზიტები, რათა ჰოსპიტლები ყოველთვის იყვნენ ფორმაში.

მეორე ის არის, რომ სისტემურ დონეზე უნდა მოხდეს პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების, როგორიც არის ჰოსპიტალური ინფექციები, რეალური ციფრების და რეპორტების დადება. არ უნდა ეშინოდეთ ჰოსპიტლებს შიდა ინფექციების გამოჩენა და ასეთი ინფექციების აღმოჩენის შემთხვევაში არ უნდა ისჯებოდნენ. ისევე როგორც პერსონალს (ექთნებს, ექიმებს) არ უნდა ეშინოდეთ შეცდომების აღიარების, რადგან სხვანაირად ვერ გამოსწორდება. ეს პრობლემა გადაწყვეტადია თუ იქნება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა, რეალური უსაფრთხოების ამუშავებაზე საქართველოში.

ხომ არ გეგმავთ უახლოეს მოავალში კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც შესაძლოა ამ საქმის სამსახურში წაადგეს სიტუაციის გაუმჯობესებას?

ვფიქრობთ სხვადასხვა მიმართულებით. სისტემატური უნდა გავხადოთ მსგავსი კონფერენციები და მივცეთ სემინარულ /„ვორქშოფული“ სახე. მაგალითად ავიღებთ თემას – ინფექციის კონტროლი, რომელსაც ჩავუღრმავდებით ბოლომდე კონკრეტული „ქეისებით“. მეორე, გვაქვს სხვა მიმართულებები, რაც დააინტერესებს ჯანდაცვის მენეჯერებს, ან მომავალ მენეჯერებს, რომ მიიღონ ჩვენგან პოსტდიპლომური განათლება და ამ განათლების სისტემაში იქნება ერთ-ერთი სავალდებულო მოდული – პაციენტის უსაფრთხოება. ეს კურსი, რომელიც გვაქვს დარჩება და განვითარდება.

ქალბატონო ლელა, როგორ მიმართავდით თუნდაც მენეჯერებს, კლინიკურ სექტორს, რათა უფრო გამახვილდეს ყურადღება პაციენტთა უსაფრთხოებაზე?

პაციენტის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ნებისმიერი სამედიცინო პროვაიდერის წარმატებასთან. ჩვენს ქვეყანაში მაგალითად, ეს ძირითადად კერძო სექტორის ხელშია და კონკურენცია ძალიან მაღალია. იმ რაოდენობის ჰოსპიტლები და კლინიკები, რომლებიც ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტია, ვიდრე რეალურად გვჭირდება, თუმცა განცდა საზოგადოების, რომ „მე თუ კლინიკაში მივდივარ, რამდენად დაცული ვიქნები“, აი ეს ძალიან საორჭოფოა. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი იმ არჩევანს გააკეთებს, სადაც უფრო დაცული იქნება და უფრო უკეთესი პროგნოზირებადი კლინიკური გამოსავალი ექნება. ამიტომ ეს პირდაპირ კავშირშია წარმატებასთან, ხარჯებთან, ეფექტურობასთან და მე უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებდი ტოპმენეჯმენტს და გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, რომ ეს კარგად გაითავისონ  და რეალურად მიჰყვნენ პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვას, რადგან ერთია, როცა ექიმს ეშინია რეპორტინგი, რომ არ დაისაჯოს და მეორეა როდესაც ის შედეგს ხედავს, რომ მან დაარეპორტა და ამას მოჰყვა ძირეული მიზეზის გამოვლენა და ამ მიზეზის აღმოფხვრა, სწორედ მაშინ იწყება პაციენტის რეალური უსაფრთხოებისთვის მუშაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g