CNN-ი პაკისტანის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
„ოპერაცია Bunyanun Marsoos-ი („გაუვალი კედელი“) დაიწყო“, – დაწერა პაკისტანის მთავრობამ X-ზე.
პაკისტანის შეიარაღებული ძალების ცნობით, არმიამ „ინდოეთის ბოლოდროინდელ აგრესიას“ უპასუხა.
სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე პაკისტანმა განაცხადა, რომ ინდოეთმა ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებს დაარტყა.
პაკისტანის არმიის განცხადებით, ოპერაცია „გაუვალი კედელის“ ფარგლებში, დარტყმები ინდოეთის პათანკოტის აეროდრომსა და უდამპურის საჰაერო ბაზაზე განახორციელა. ასევე, პაკისტანის არმიაში აღნიშნეს, რომ ინდოეთის საჰაერო ძალების ბაზები დაბომბეს, საიდანაც, სავარაუდოდ, ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.
BBC-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მარკო რუბიო პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პაკისტანის არმიის მეთაურს ასიმ ბუნირსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს სიტუაციის დეესკალაციის მიზნით შესაბამისი გზების მოძებნისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ მხარეებს „კონსტრუქციული მოლაპარაკებების დასაწყებად აშშ-ს დახმარება შესთავაზა“.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის იშაქ დარის განცხადებით, „თუ ინდოეთი ესკალაციას შეწყვეტს, მაშინ თავადაც გაჩერდებიან“.
„თუ იოტისოდენა საღი აზრი მაინც არსებობს, ინდოეთი გაჩერდება და თუ ისინი გაჩერდებიან, მაშინ ჩვენს იმავეს გავაკეთებთ“, – განაცხადა იშაქ დარმა.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „ახლა ბურთი ინდოეთის მოედანზეა“.
„ჩვენ მშვიდობა ნამდვილად გვსურს, რომელიმე ერთი ქვეყნის ჰეგემონიის გარეშე“, – აღნიშნა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პაკისტანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოლო 12 საათის განმავლობაში ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკისტანის იერიშების შედეგად, ქაშმირის რაიონული განვითარების კომისარი, რაჯ კუმარ თაპა დაიღუპა.