LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამ სამედიცინო დაწესებულებებიც აზარალა – პაციენტების მიმართვიანობა 60%-ით და მეტით შემცირდა

88
28

პანდემიამ ფინანსური პრობლემები, სხვა ბიზნესების მსგავსად, სამედიცინო სფეროსაც შეუქმნა. კარანტინის პერიოდში, პაციენტების მიმართვიანობა 60%-ით და მეტითაც კი შემცირდა, ხალხი სამედიცინო დაწესებულებებში მისვლისგან თავს იკავებდა – ამის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში ჰოსპიტალური ქსელის ,,მედალფას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამბროლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სამედიცინო სფერო და დაფინანსება მოწყობილია ისე, რომ თითოეულ პაციენტზეა მიმაგრებული. ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ კლინიკა შემოსავალს იღებს მხოლოდ პაციენტით.

„გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტების მომართვიანობა 60%-ით და მეტით შემცირდა, ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახა ჩვენს შემოსავლებზე. თუ სხვა სფეროს შეეძლო დროებით შეეჩერებინა საქმიანობა, ან შეემცირებინა, ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა – ვმუშაობდით გაათმაგებული ძალებით,“, – ამბობს გიორგი ამბროლიანი.

,,მედალფას“ გენერალური დირექტორი იმ ხელშეწყობაზეც საუბრობს, რომელიც სამედიცინო ბიზნესს სახელმწიფოსგან სჭირდება, კრიზისულ სიტუაციებში, ფინანსური პრობლემების წინაშე რომ არ აღმოჩნდეს.

„სახელმწიფოს მხრიდან, ალბათ, შეიძლება რამდენიმე თეზისის ჩამოყალიბება: პირველ რიგში- სწორი დათვლა უშუალოდ სამედიცინო მომსახურებისა, ეს იქნება ოპერაციული, თუ სხვა მომსახურება. სწორი დათვლა და სწორი დაფინანსების მოდელის შექმნა – ეს არის ამოსავალი წერტილი. ამის შემდეგ არის კიდევ სხვა საკითხები, თუნდაც იგივე დაზღვევის საკითხი. არსებობს კერძო სადაზღვეო და არსებობს სახელმწიფო ჯანდაცვა- აქ მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს მიზნობრივი ჯგუფების გადანაწილება, სეგმენტაცია.. შემდეგ კიდევ სხვადასხვა გზები არსებობს და სხვადასხვა საკითხები, როგორიც არის ზედნაშენი პროექტები. მაგალითად, დღეს არ შეუძლია კერძო სადაზღვეოთი მოსარგებლეს საყოველთაოთი ისარგებლოს, მაშინ როდესაც საყოველთაოთი ამბულატორიული სეგმენტი შეიძლება გაიუმჯობესოს კერძოთი… სწორი სეგმენტაცია მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ უფრო სრულფასოვანი მომსახურება მიიღოს, როგორც სტაციონარული ისე ამბულატორიული, ნაკლები დანახარჯით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი ჯანდაცვაში არის სწორი დათვლა უშუალოდ სამედიცინო მომსახურებისა“, – განმარტავს ,,მედალფას“ გენერალური დირექტორი.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსებაც. „რომ შევადაროთ ჩვენი სამედიცინო სფერო წლების წინ და ახლა, იმ დაფინანსებამ რაც 2013 წელს მოხდა, გამოიწვია მედიცინის განვითარება. სწრაფად განვითარდა დაწესებულებები, აპარატურა… მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დარგია, რომელსაც ყოველდღიურად უფრო მეტი ინვესტიციაა სჭირდება“, -აცხადებს გიორგი ამბროლიანი.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები