LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამ შექმნა ნაყოფიერი ნიადაგი მთელი რიგი დანაშაულების განვითარებისთვის: ირაკლი შოთაძე

45
ირაკლი შოთაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „პანდემიამ არამარტო მართლმსაჯულების გამართულ მუშაობას შეუშალა ხელი, არამედ შექმნა ნაყოფიერი ნიადაგი მთელი რიგი დანაშაულების განვითარებისთვის“.

მისივე განმარტებით, „პანდემიის დროს კრიმინალურმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ ჩვეულებრივი სტანდარტული დანაშაულის შემცირების ფონზე გაიზარდა კიბერდანაშაული“.

„ყველას შეგვეხო პანდემია, რომელმაც პრობლემა გაგვიჩინა ცხოვრების ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, მართლმსაჯულება საკმაოდ დაზარალდა პანდემიის შედეგად, ეჭვგარეშეა ეს ფაქტი. პროკურორები და მართლმსაჯულების სხვა ორგანოები სხვადასხვა ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდგომ უწყვეტად აგრძელებდნენ საქმიანობას და გადავედით მართლმსაჯულების ელექტრონულ, ონლაინ პროცესებზე, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში შემცირდა მართლმსაჯულების წარმოება, ხოლო ზოგიერთში შეჩერდა კიდეც. უნდა აღინიშნოს ასევე, პანდემიის დადებითი შედეგები, რა თქმა უნდა და ეს დადებითი შედეგი არის ის, რომ ცხოვრების მთელ რიგ სფეროებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

ციფრული ტრანსფორმაცია იწვევს ნაკლები ადამიანით და ნაკლები ფინანსური დანახარჯით მეტ ეფექტიანობას და სერვისების გაუმჯობესებას. ამასთან, სახლიდან მუშაობამ ადამიანებს საშუალება მისცა მიეღწიათ უკეთესი ბალანსისათვის სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.

პანდემიამ არამარტო მართლმსაჯულების გამართულ მუშაობას შეუშალა ხელი, არამედ შექმნა ნაყოფიერი ნიადაგი მთელი რიგი დანაშაულების განვითარებისთვის. ამ კუთხით აღსანიშნავია კიბერდანაშაული, რომელმაც განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა მკაცრი შეზღუდვების ფონზე. პანდემიის დროს კრიმინალურმა სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვეულებრივი სტანდარტული დანაშაულის შემცირების ფონზე გაიზარდა კიბერდანაშაული. მხოლოდ პანდემიით არ შეიძლება აიხსნას კიბერდანაშაულის სწრაფი განვითარების ფენომენი, მით უმეტეს უფრო ადრეც მიმდინარეობდა კრიმინალური ტექნოლოგიების მზარდი დახვეწა, დამნაშავეების მიერ ისეთი სიახლეების გამოყენება.

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე მტკიცებულებების და დანაშაულის გაციფრულების მზარდი ტენდენცია, რა თქმა უნდა, სისხლის სამართალზე ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას. ბოლო ათწლეული ამ მხრივ რევოლუციური იყო. დღეს საქართველოში ვერ წარმოვიდგენ ვერც ერთ, თუნდაც უმნიშვნელოვანეს სისხლის სამართლის გამოძიებას ელექტრონული მტკიცებულების გარეშე. სახელმწიფოები ვმუშაობთ ელექტრონული მტკიცებულებების წვდომა-მოპოვების დარეგულირების და გამარტივების მიმართულებით“, – განაცხადა შოთაძემ.

ირაკლი შოთაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ „მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება“.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, მით უმეტეს, რომ სესიაზე ერთ-ერთ მომხსენებლად გვყავს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა, რომელსაც ამ საქმეზე კონკრეტული ბრალდებულებიც ჰყავს, ომის საქმეზე ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია.

ასევე, უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესიის და ომის შედეგად მომხდარი დანაშაულების გამოძიება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები იქნება მნიშვნელოვანი საკითხი ამ სესიის მიმდინარეობისას.

წელს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა განსაკუთრებით მიანიჭა მნიშვნელობა და ყველას შეგვახსენა ომის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების საჭიროება. ამ მხრივ, მინდა განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას, ევროჯასთს. მთელი მსოფლიო ელის გამოძიების შედეგებს“,- აღნიშნავს შოთაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g