LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიიდან გამომდინარე ხარჯები 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯერ არ დევს

86
dd

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, დამატებითი ხარჯები ამ ეტაპზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის.

„ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა საჭიროება იდგება, ბევრი დეტალია, რომელიც უნდა ვიცოდეთ და სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე გვეცოდინება, ვაქცინა არსებობს, თუ უბრალოდ, ტესტებით და მკურნალობის ხარჯებით უნდა გავაგრძელოთ. გარდა ამისა, ოქტომბრის შუა პერიოდში იქნება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის შეხვედრა, სადაც განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები იქნება მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის და ჩვენ საშუალება გვექნება, ამ შეხვედრებზე დეტალურად ვიმსჯელოთ, რა მოლოდინებია ჩვენთან, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან და ზოგადად, მსოფლიოში. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა და იმას, თუ რა მოთხოვნაა მათ შორის, ჩვენს პროდუქციაზე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენ საბოლოო ჯამში, ამ ყველა ინფორმაციის გაანალიზების შემდგომ, სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში გვექნება საშუალება, რომ რეალური ბიუჯეტი, საბოლოო ვარიანტი ჩამოვაყალიბოთ, სადაც უკვე ასახული იქნება საბოლოო პარამეტრები როგორც მაკროეკონომიკურო, ასევე გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვისთვის საჭირო სახსრები, რაც პანდემიას უკავშირდება და ასევე, გვეცოდინება ის თანხებიც, რაც როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით შეიძლება ჩავდოთ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, დღეიდან 2021 ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის განხილვები იწყება. კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და ბოლოს წამყვანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ამ თანმიმდევრობით წარუდგენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. განხილვები 16 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g