თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე ფასები 200%-ით გაიზარდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ შეინიშნება, – საკითხზე გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ნატა მოდებაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია, შესაბამისად, გაიზარდა ფასებიც. „განსაკუთრებით გამოვყოფდი წყნეთს, პანდემიის შემდგომ პერიოდში შემოგარენში ფასი, დაახლოებით, 200%-ით არის გაზდრილი, ეს კარგია, მაგრამ ასეთ უბნებს ინფრასტრუქტურულად მოწყობა აკლია, მაგალითად არის გზის, წლის, შუქის პრობლემები“, – აცხადებ ნატა მოდებაძე.
რაც შეეხება ზოგადად უძრავ ქონებას, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი განმარტავს, რომ ფასები არ დაიკლებს, რადგან ეს არ არის ცალკეული ელემენტი– ყველაფერი ერთმანეთის ფასებზეა გადაჯაჭვული. “თუ ძვირდება საწვავი, შესაბამისად ძვირდება ყველაფერი, მათ შორის საცხოვრებელიც, რადგან მშენებლობას სჭირდება მასალა, ავტომობილის მომსახურება, მუშახელი, მიწა”, – თქვა “ქალების ნარატივში” მოდებაძემ.
