LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pandora გადამუშავებული ძვირფასი ლითონების გამოყენებაზე გადავიდა

134
ოქრო

Reuters-ის ცნობით, გაყიდული პროდუქციის რაოდენობით ყველაზე მსხვილმა საიუველირო მაღაზიამ Pandora მოპოვებული ვერცხლისა და ოქროს გამოყენება შეწყვიტა. ამიერიდან კომპანია მხოლოდ გადამუშავებულ ძვირფას ლითონებს გამოიყენებს, რომელთა წარმოებასაც ნაკლები ენერგია სჭირდება.

დანიური კომპანია, რომელიც $65-დან $95-მდე ღირებულების სამაჯურებითაა ცნობილი, ყოველწლიურად, დაახლოებით, 340 ტონა ვერცხლს და ერთ ტონა ოქროს ყიდულობს. Pandora-ს წლიური ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 2022 წელს კომპანიის საქმიანობის გამო ატმოსფეროში 264 224 ტონა CO2 წარმოიქმნა. გადამუშავებული ძვირფასი ლითონების გამოყენებით კი ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 58 ათასი ტონით შემცირდება.

თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადამუშავებული ლითონების მიწოდების პროცესი გარკვეულ რისკთანაც იქნება დაკავშირებული, რადგან ნარჩენის სახით, შესაძლოა, მოპარული ოქროც ჩაბარდეს, რომლის იდენტიფიცირებაც გადადნობის შემდეგ შეუძლებელი იქნება.

რისკის შესამცირებლად, Pandora საიუველირო ნაკეთობებზე პასუხისმგებელი საერთაშორისო საბჭოს (Responsible Jewellery Council) სტანდარტს იყენებს, რომელიც გადასამუშავებლად ოქროს მონეტებისა და ზოდების გამოყენებას კრძალავს.

Pandora-ს ინფორმაციით, კომპანიამ გადამუშავებული ვერცხლისა და ოქროს გამოყენებით პროდუქციის წარმოება 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ცვლილება პროდუქციაზე ფასების ზრდაში არ გამოიხატოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g