არის საკითხები, რომელიც ხელის გულზე დევს და ხელის გულზე დევს უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მაისურით, „თავისუფლება მიშას“ იდგა და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ამ შემთხვევაში არახამიას ვგულისხმობ. ის თავად ამბობს, რომ არის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დაფრთიანებული, თუ წამოწეული პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ეს კავშირები არსებობს, ამ კავშირებს ვხედავთ და ეს კავშირები დადასტურდა კიდევაც. ამას წინათ გია ბარამიძემაც დაადასტურა მესიჯით, რომელიც გაგზავნილი ჰქონდა თავისი თანაპარტიელების მიმართ. ჩვენ ვნახეთ, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს ის მათ შორის, დიპლომატიურ წარმომადგენლებს და იქ ჩანს, თუ როგორი კონტაქტები და კავშირები არსებობს. სამწუხაროდ, ეს გავლენები, რა თქმა უნდა, ალბათ, მუშაობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
მისი თქმით, დეზინფორმაციული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს, უპირველესად ქვეყნის შიგნით და ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
„ყოველდღიურად არის ნიაღვარი ტყუილის, ცილისწამების და დეზინფორმაციის. ამ კრიზისულ პერიოდში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შემდეგ ხდება ამის გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმისთვის, რომ საქართველოს და მისი ხელისუფლების მიმართ უარყოფითი განწყობა შეიქმნას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
