„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი – ის წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა ინფორმაცია აქვს მას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ზოგიერთ ქვეყანაში ელჩებს არ ნიშნავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, სალომე ზურაბიშვილი „კონსტიტუციის მიღმა თავის პოზიციას იკავებს“:
„ამ ეტაპზე კონკრეტულად რომელი ქვეყნებია, არ მაქვს ინფორმაცია. [სალომე ზურაბიშვილთან] არა თუ პრეტენზია გვაქვს, როგორც გახსოვთ, თავის დროზე, მთავრობამ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, ზუსტად იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.
მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ისე წარმოაჩენდა, თითქოს შეეძლო განახორციელოს საერთაშორისო ვიზიტები თანხმობის გარეშე. ერთი პერიოდი ელჩებს არ ნიშნავდა, თითქოს მისი გადასაწყვეტია სად იყოს ელჩი და სად – არა; თითქოს უნდა ჩაერიოს და თავად განსაზღვროს. ესეც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა.
„ყოველ ჯერზე, ყველა საკითხზე შეიძლება ეს თქვა: „კი მაგრამ, ვიღაცამ რომ იარაღი აიღოს და ვიღაცას ესროლოს?“ – ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახეა. როდესაც, საუბარია იმაზე, რომ კანონს აპროტესტებენ პროევროპული ჯგუფები და უშვებ, რომ ამ ჯგუფებმა შესაძლოა, ვინმეს ტყვია ესროლოს, ეს გამაოგნებელია“ – შალვა პაპუაშვილი
„როდესაც ვსაუბრობთ კანონებზე, აქ ექსტრემისტული ქმედების მოყვანა როგორც სავარაუდო სცენარი, გამაოგნებელია“ – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მთელი საკითხი რაშია – ქალბატონი სალომე დღეს, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა იკავებს თავის პოზიციას. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზურაბიშვილი თავის პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში ხელისშეწყობა.
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი განგრძობითად ერთად არღვევენ კონსტიტუციას იმით, რომ ის კვლავ არის იმ პოზიციაზე, სადაც არის. ეს შემდეგ სხვა დარღვევებს ახალისებს.
ზურაბიშვილი წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, მან ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს არისა დღევანდელი მოცემულობა“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.