რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპული 31 ადამიანიდან ყველა იდენტიფიცირებულია. მისივე განცხადებით, გრძელდება 2 დაკარგული ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები.
პაპუნა მარგველიძე ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას თავდაცვის ძალების უფროსი ინსტრუქტორის, თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა თავდაცვის ძალების უფროსი ინსტრუქტორის თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სტიქიის ზონაში. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ნათესავებს. სამძებრო სამუშაოები უკვე 28-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ამოსვენებული 31 ნაპოვნი მიცვალებულიდან უკვე ყველა არის იდენტიფიცირებული. ვაგრძელებთ 2 დაკარგული მოქალაქის ძიებას“, – აღნიშნავს მარგველიძე.