პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
„ოპოზიციას საარჩევნო კოდექსზე ხელის აქნევის ხასიათის კომენტარები აქვს“ – ასე ეხმიანება საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის კრიტიკას.
მისი თქმით, ოპოზიციას თუ რაიმე კონკრეტული მოსაზრება ან შემოთავაზება აქვს, ამაზე შეუძლიათ ისაუბრონ.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სამუშაო ჯგუფში ჩართულ მხარეებს შინაარსობრივი ხასიათის შენიშვნები აღარ აქვთ და ძირითადად ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებზე საუბრობენ.
„სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რომ დაიხვეწოს ეს პროექტი. დაახლოებით 2 თვე გვაქვს წინ, სანამ პარლამენტი სამი მოსმენით მიიღებს კანონს. ამასთან, ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ, თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ პროექტთან დაკავშირებითაც მივიღოთ რეკომენდაციები“. – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი თანახმაა, ბარიერი 5-დან 3 %-მდე ჩამოიწიოს.
„რაც შეეხება ბარიერის საკითხს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენი მხრიდან თანხმობაა 5- დან 3 პროცენტამდე ჩამოწევაზე, ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუკი შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში, რაც შეეხება 3 პროცენტს ქვემოთ ჩამოწევას, აქ ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის”.- განაცხადა პაპუაშვილმა.