LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება პოლიტიკურ სიტუაციას ნაკლებად შეცვლის, ოპოზიცია ისევ იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება კი იტყვის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა: ნიკა სიმონიშვილი

85
ნიკა სიმონიშვილი

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ დიდი ყურადღება შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსს დაუთმო და სხვა ხარვეზებს ყურადღება არ მიაქცია. მისი განცხადებით, საგამოძიებო კომისიას ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე როგორებიცაა: „მუქარა, ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

როგორც ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა პოლიტიკურ სიტუაციას ნაკლებად შეცვლის. მისივე თქმით, „ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, ისევ იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება კი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არჩევნები არ გაყალბდა იყვის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“.

სიმონიშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა თუ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში იქნებოდა ჩართული, რადგან საზოგადოების სანდოობა ამ ყველაფრის მიმართ უფრო მაღალი იქნებოდა.

„დავიწყებ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შეფასებით. თუ რას მიაქცია ყურადღება მან და რა ხარვეზები შეიძლება დავინახოთ მის რეკომენდაციებში. საგამოძიებო კომისიის ყურადღების დიდი ნაწილი, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსს დაეთმო, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმიტომ, რომ ბევრი კითხვა სწორედ შემაჯამებელი ოქმების კანონიერების თაობაზე გაჩნდა. ჩვენ ვნახეთ არაერთი შემაჯამებელი ოქმი, მნიშვნელოვანი დისბალანსით, მეტობებით. ჩვენც გვქონდა კითხვები ამასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო იმ უბნების თავი დროზე გადათვლა, რათა კითხვების მნიშვნელოვან ნაწილს პასუხები გასცემოდა, თუმცა თავის დროზე ცესკომ არ გააკეთა.

საგამოძიებო კომისიამ იმდენი ყურადღება არ გაამახვილა, რამდენიც უნდა გაემახვილებინა. ზოგიერთ ფაქტთან მიმართებით კი საერთოდ თვალიც დახუჭა და არასწორი შეფასებაც გააკეთა. 

„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებზე, თუმცა, დადგინდა, რომ მონაცემები, თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოდგენილია არა ფაქტის, არამედ მხოლოდ ვარაუდის სახით“ – ბატონმა გივიმ საპარლამენტო მოსმენაზე თქვა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად ვარაუდი იყოო“. ჩემთვის მსგავსი კითხვით არავის არ მოუმართავს, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, ჩვენთან არ ყოფილა არცერთი კითხვა დასმული, საერთოდ არც კი მომიწია ამ საკითხზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები იყო, რომ ჩვენ განგვეხილა. ძირითადი კითხვები შემაჯამებელ ოქმებზე მოდიოდა. 

უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელი იყო ამ ნაწილის კარგად და ზუსტად შესწავლა იმისათვის, რომ არჩევნებზე თავისუფალი ნების გამოვლენაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსყიდვის ფაქტები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მუქარა და მსგავსი სხვა საკითხები. ჩვენთან მიმართებით ასეთი კითხვები არც იყო დასმული.

ჩვენ გამოვაქვეყნეთ არჩევნებთან მიმართებით დასკვნა სადამკვირვებლო მისიის და იქ ყოველ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით იყო მოტანილი შესაბამისი მტკიცებულებები. ჩვენ მოტანილი გვქონდა ფაქტები. კომისიას დადასტურებული ფაქტები და დარღვევები თუ სჭირდებოდა არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ ფაქტებს და ფაქტებზე რეაგირება და საბოლოო დადასტურება შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ, ვისაც ამაზე რეაგირების უფლებამოსილება აქვს. მათ შორის საგამოძიებო ორგანოებმა. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს მიერ მითითებულ ფაქტებზე, უმრავლეს შემთხვევაში გამოძიება არაა დასრულებული, მათ შორის: მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ თითქოს ეს ვარაუდის დონზე იყო არ არის სწორი. ჩვენ კონკრეტული ფაქტები გვქონდა მოტანილი მაგრამ რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან არ მომხდარა, რაც კიდევ უფრო მეტად გვიჩენს კითხვებს. აღნიშნულ საკითხებზე კომისიამ არასწორად და ზედაპირულად იმსჯელა.

არ გამკვირვებია ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ არ მიიღო მონაწილეობა ამ მოსმენაში, რადგან მონაწილეობა არც საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მიუღია.

ეს დასკვნა, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, პოლიტიკურ სიტუაციას ნაკლებად შეცვლის, რადგან შემადგენლობაში შედიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ერთი ოპოზიციური პარტია, დანარჩენ ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ამით მივიღებთ იმას, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, ისევ იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება კი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არჩევნები არ გაყალბდა და ყველაფერი არის არასწორი აღქმების ბრალი, ისევ იმავეს იტყვის. 

ახალს არაფერს არ მივიღებთ, თუმცა ჩემი აზრით, საგამოძიებო კომისიის მუშაობა უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ოპოზიცია მიიღებდა ამ ყველაფერში მონაწილეობას, თუმცა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო ამ ყველაფერში ჩართული და სანდოობა ამ ყველაფრის მიმართ იქნება დაბალი“, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

magti 5g