“9 აპრილის” ერთ-ერთი სიმბოლო – პარლამენტის წინ მდებარე ფილებია, რომელზეც ათეული ქართველის სისხლი დაიღვარა. ეს ის ადგილია, რომელსაც არაერთი საპროტესტო აქცია, დარბევა, დაშლა, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და სხვა შემთხვევები ახსოვს. პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე თვეობით და ზოგ შემთხვევაში წლების განმავლობაში, კარავი იყო გაშლილი. დედაქალაქისთვის და არა მარტო აქ მცხოვრებთათვის, აღნიშნული ადგილი, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია და როცა საქმე მის “ხელყოფას” ეხება, საზოგადოება განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. სწორედ ასეთი მაღალი ინტერესია ამ დროისათვის პარლამენტის წინ მდებარე ფილების საკითხზე.
აღნიშნული თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც თბილისის მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით დაიწყო ფილების აყრა.
ჩინური კედელიც რომ აღმართონ, ჩემი პროტესტი იქ გაგრძელდება, მე ამათ დავანგრევ – მალხაზ მაჩალიკაშვილი
ოპოზიცია და საზოგადოებრივი მოძრაობები, სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ფილების დაზიანების საფრთხეზე საუბრობენ.
საკითხი “ფორტუნამ” დედაქალაქის მერიაში გაარკვია, სადაც განმარტეს, რომ მერიის მიერ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება ფილების აყრის პროცესი. თუმცა, სამუშაოები მიმდინარეობს ყველა საჭირო ზომების გათვალისწინებით და ფილების დაზიანების ალბათობა არის ძალიან მცირე. მერიის ცნობით, აღნიშნული ფილების მოხსნა ხდება “სათუთად” და მოხდება მათი შენარჩუნება.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე ტერიტორია შემოღობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ადგილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა რესტავრირებას. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში დაეგება ახალი ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, იწარმოებს გამწვანების სამუშაოები და ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე დედაქალაქში.