LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – რა იგეგმება მომავალ წელს

126
პარლამენტი

პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი 84-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.

მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მშპ 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია. 2023 წელს განსაზღვრული სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების მაჩვენებლები ჯამურად 270,0 მლნ ლარით იზრდება.

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო პაკეტში, მის წინა ვერსიებთან შედარებით, ფინანსური რესურსი 660,0 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი. შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 2,1 მლრდ ლარით, 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, და დაახლოებით, 21,9 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 1,8 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,6 მლრდ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2023 წელს, დაახლოებით, 2 მლრდ ლარით გაიზრდება და 21,9 მლრდ ლარს შეადგენს.

2023 წელს ყველაზე მეტ თანხას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 6,9 მლრდ ლარი იქნება. აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი სოციალურ პროგრამებს მოხმარდება – კერძოდ, პენსიების მომატებას ასაკობრივი პენსიონერებისთვის, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს, სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, მედდებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას. საბიუჯეტო სახსრები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველი ფენების სამუშაოთი უზრუნველყოფას.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი საწყისი პროგნოზით 2023 წელს, დაახლოებით, 3,3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,9 მლრდ გზების მშენებლობას მოხმარდება, დანარჩენი კი – ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციასა და სკოლების მშენებლობას.

გაზრდილი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 2 მლრდ. ლარი იქნება, საიდანაც ნაწილი მოხმარდება მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასების მომატებას 125 ლარით, ასევე სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-ით ზრდას. პროექტი ითვალისწინებს ხელფასის ზრდას 15-დან 18 ლარამდე ერთ საათზე პროფსასწავლებლების მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, თანხა მოხმარდება სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

დაგეგმილია პაკეტის ზრდა თავდაცვის სამინისტროსთვისაც, რომლის ბიუჯეტი 1,3 მლრდ ლარს შეადგენს. სამხედრო პირთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება. გაიზრდება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. პოლიციის თანამშრომლებს ხელფასი 20%-ით მოემატებათ.

იზრდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები 10%-ით, ხოლო უწყების ბიუჯეტი შეადგენს 431,2 მლნ ლარს.

მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 22 მლნ ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9,3 მლნ ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g