პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით შექმნილი ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის, „ალტ-ინფოს“ წევრების საინიციატივო ჯგუფი არ დაარეგისტრირა.
კომიტეტში წარდგენილი იყო განაცხადი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) რეგისტრაციის თაობაზე.
„ჩვენთვის ზნეობა კანონზე მაღლა დგას“ – „ალტ-ინფოს“ წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ალტ-ინფოს“ წევრების მიმართ გამოძიება, 239-ე პრიმა მუხლითა და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწდებასა და მუქარას გულისხმობს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადებით, განაცხადის წარდგენისას დარღვეულია კანონის მოთხოვნები. კერძოდ, კანონის შესაბამისად, თითოეულ საკანონმდებლო ცვლილებას თავისი განმარტებითი ბარათი უნდა ახლდეს, საინიციატივო ჯგუფს კი პაკეტის სახით წარმოდგენილ სამ კანონპროექტზე ერთი განმარტებითი ბარათი აქვს თან დართული. კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში მხოლოდ პროცედურული ხარვეზის გამო არ გაატარა.
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტის შინაარსი ჰომოფობიურია და ითვალისწინებს LGBTQ თემის წევრებისთვის შეკრების და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. კერძოდ, კანონპროექტები ითვალისწინებს ცვლილებებს სამ კანონში, რომლის გათვალისწინებით უნდა აიკრძალოს ისეთი შეკრება და მანიფესტაციები, „სადაც ადგილი აქვს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციასა და პროპაგანდას.“
პროექტი ასევე რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო აქციების გამართვის აკრძალვასაც ითვალისწინებს. ასევე, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ისეთი შეკრების ჩატარების აკრძალვა, რომელზეც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომის და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას.